Wednesday, June 19, 2019

საახალწლო ღონისძიების სცენარი

ღრუბლებს იქითა სამეფოში
სცენის აღწერილობა
·         სცენის შუაში დგას მორთული დიდი ნაძვის ხე. გარშემო და უკან, აწყვია რამდენიმე შედარებით მცირე ზომის ნაძვის ხე.
·         დიდ ნაძვის ხესთან აწყვია შეფუთული ყუთები საახალწლოდ გაფორმებული. ერთი გამორჩეულად დიდი ყუთი.
·         ნაძვის ხის აქეთ-იქით დგას სავარძლები და სხედან სანტა და თოვლის პაპა.
·         ერთ-ერთ საშუალო ნაძვის ხესთან სხედან სპაიდერმენი და ბეტმენი.
·         მეორე მხარეს სავარძლებში სხედან მეფე და დედოფალი.
·         მათ გვერდით საახალწლოდ მორთული სახლის მაკეტთან სხედან 3 გოჭი და მგელი.
·         სპაიდერმენის და ბეტმენის გაყოლებაზე ახლოსვე, დგას დიდი სარკე. სარკის ირგვლი სხედან ფიფქია, რაპუნცელი,წითელქუდა და კონკია.
·         ქალთევზა შემოსკუპულია დიდი საჩუქრის ყუთზე, ფერია ზის დაბალ საჩუქრის ყუთზე.
·         გოჭების გასწვრივ დგას ბუხარი, ბუხრის ირგვლივ სამფეხა სკამებზე სხედან კომბლე, ნაცარქექია, წუნა და წრუწუნა.
·         ამ ყველაფრის წინ, განმარტოებით, კიბეებთან ზის ჯადოქარი და ავი მზერით ათვალიერებს გარემოს.
·         სცენაზე ასვლამდე, დარბაზში, გამოფენილია, ბავშვების ხელით შექმნილი საახალწლო პოსტერი, გვირგვინები, ნახატები და ნაკეთობები. ასევე, სურათებიანი ჩარჩო.
·         მის გვერდით, გამოკრულია ბანერი წარწერით „ღრუბლებს იქითა სამეფო“.
·         ირგვლივ ყველაფერი ბრწყინავს, გაფორმებულია გირლანდებით , ბრჭყვიალებით.
·         სცენის ამაღლებული ნაწილი დაფარულია ბრჭყვიალა ქაღალდით გამოჭრილი ღუბლებით.
·         პროექტორის საშუალების ეკრანზე გადის საახალწლო ფონები და ისმის დაბალ ხმაზე სასიამოვნო მუსიკა.

მე - მოგესალმებით, ჩვენო ძვირფასო მაყურებლებო, მოწვეულო სტუმრებო და მადლობას მოგახსენებთ ჩვენთან მობრძანებისათვის! მე და ჩემს პატარებს გვინდა, რომ საახალწლოდ, ზღაპრულ სამყაროში გამოგზაუროთ და ცოტა ხნით დაგაბრუნოთ ბავშვობაში.
მაშ, ასე, ჩვენ ვიწყებთ!
მთხრობელი - გიყვართ მაღლა, ცაში ახედვა? ალბათ ხშირად დაგინახავთ ცაში ღრუბლები. ღრუბლებით, ხან მთლიანად იფარება მთელი ცა, ხან კი საერთოდ არ ჩანან. არ გაინტერესებთ რა არის სულ ზემოთ, ღრუბლების მაღლა? იქ ღრუბლებს იქითა სამეფოა. სამეფოს ბინადრებს   კი ბავშვებისათვის კარგად ნაცნობი და საყვარელი, ზღაპრებისა და მულტფილმების გმირები წარმოადგენენ. სამეფოს, სხვა სამეფოების მსგავსად, მეფე და დედოფალი მართავენ ( ამ დროს მეფე და დედოფალი წამოდგებიან და თავის დაკვრით მიესალმებიან მაყურებელს).
ღრუბლებს იქითა სამეფოში ახალი წელი დგება. თოვლის პაპა და სანტა კლაუსიც აქ ცხოვრობენ და ახლა ისინი ბავშვებისათვის საჩუქრების შერჩევით არიან დაკავებულნი. (თოვლის პაპა და სანტა საჩუქრების ყუთებს იღებენ და ათვალიერებენ). სხვა გმირები კი ფიქრობენ, როგორ შეხვდენენ ახალ წელს.
კომბლე- (წამოდგება, კომბალს აკაკუნებს და ხმამაღლა ამბობს) ახალი წელი დგება, რას ვაპირებთ? ჩვენც ხომ გვინდა ახალ წელს გართობა? (მიმართავს ნაცარქექიას, წუნა და წრუწუნას).
ნაცარქექია - რა თქმა უნდა კომბლე, ჩვენ ხომ ქართული ზღაპრების გმირები ვართ, აგერ წუნა და წრუწუნაც, ხოდა, მოვიფიქროთ რამე ქართული გასართობი და ზეიმი გავმართოთ.
წუნა- (იპრანჭება და მიმართავს წრუწუნას) ხომ შემპირდი, რომ  მეცეკვებოდი ? ახალი წლის საღამოზე უკეთეს დროს როდის ვნახავთ?
წრუწუნა - კარგი წუნა, ვუთხრათ კომბლეს, ყველაფერს, როგორც ჩანს, ის ხელმძღვანელობს, რომ საახალწლო ზეიმზე, ჩვენ ვიცეკვებთ. (წუნა სიხარულით ტაშს შემოკრავს).
კომბლე - ჩვენს პრანჭია გოგონებსაც ვკითხოთ, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას საახალწლო ზეიმში? (მიდის სარკისკენ).
კონკია - გოგონებო, ნახეთ ვინ გვესტუმრა?მობრძანდი კომბლე, რას შეუწუხებიხარ ?
კომბლე - აბა, ლამაზო გოგონებო, ჩვენ, ქართული ზღაპრების გმირებმა, გადავწყვიტეთ, რომ ახალ წელს ზეიმი გავმართოთ, გვინდა, რომ თქვენც ჩვენთან ერთად იზეიმოთ.
ფიფქია - (სიხარულით ტაშს შემოკრავს და კაბის რევერანსით წამოდგება) ძალიან გვიხარია, რომ ჩვენც გვითხარით ზეიმის გამართვის ამბავი. რა თქმა უნდა დიდი სიამოვნებით მივიღებთ მონაწილეობას. ხომ ასეა გოგონებო?
წითელქუდა - კი, ჩვენ ყველა ერთად მოვალთჩვენი ლამაზი სამეფოს მთავარ ნაძვის ხესთნ. ზეიმიც ხომ სწორედ იქ გაიმართება ?
კომბლე - დიახ, ახალი წლის დადგომას, ყველა ერთად, იქ შევხვდებით. ( კომბლე უკან ბრუნდება ბუხართან ).
(ფეხზე დგებიან და ცენტრისკენ მოდიან ბეტმენი და სპაიდერმენი).
ბეტმენი - მალე ახალი წელი მოვა, ძალიან მინდა მხიარული განწყობით შევხვდეთ და თანაც ყველა ერთად ვიყოთ.ნეტავ რას აპირებენ, იცი რამე ? (მიმართავს სპაიდერმენს )
სპაიდერმენი - არ ვიცი, მოდი გავიგოთ. ქალთევზასთან მივიდეთ, ის ყოველთვის განმარტოებითაა, მაგრამ ყოველთვის ყველაფერი იცის. (მიდიან ქალთევზასთან, რომელიც ნაძვის ხესთანაა შემოსკუპული საჩუქრის ყუთზე).
სპაიდერმენი - ხომ არ იცი საახალწლოდ რას უნდა ველოდოთ? ზეიმი ხომ გვექნება?
ქალთევზა - (კუდს შეარხევს და სიმღერით იტყვის) კიი,კიი, საახალწლოდ დიდი ზეიმი გაიმიართება აქ, ამ დიდ ნაძვის ხესთან. ყველა მოვა, პრინცესები, კომბლე, ნაცარქექია...როგორ მიხარიააა.
ბეტმენი და სუპერმენი ხელ ხელზე დაარტყამენ და ბრუნდებიან თავიანთ ადგილებზე.
მთხრობელი - ასე გადაწყვიტეს, ღრულბლებს იქითა სამეფოს ბინადარმა ბავშვებისათვის საყვარელმა გმირებმა, საახალწლოდ, დიდი ზეიმის გამართვა, სამეფოს მთავარ ნაძვის ხესთან.
კომბლე მიდის მეფე-დედოფალთან.
კომბლე- (მუხლს მოიდრეკს მათ წინ) მეფეო! დედოფალო! ჩვენ, სამეფოს მაცხოვრებლებმა გადავწყვიტეთ ახალ წელს ერთად, დიდ ნაძვის ხესთან შევხვდეთ. გთხოვთ, მოგვცეთ ზეიმის გამართვის უფლება და თქვენც გვეწვიოთ.
დედოფალი - (მიმართავს მეფეს) რა კარგი იქნება მათთან ერთად ახალი წლის შეხვედრა, გთხოვ, დათანხმდი და ჩვენც მივიღოთ მონაწილეობა.
მეფე - (წამოდგება, კვერთხს დაარტყამს იატაკზე და ომახიანი ხმით ამბობს) მიბრძანებია! - ღრუბლებს იქითა სამეფოს ყველა ბინადარი ახალ წელს დიდ ნაძვის ხესთან შეხვდეს! საახალწლოდ, მხიარული განწყობაც სავალდებულოა!
კომბლე თავს დაუკრავს და ბრუნდება უკან.
მთხრობელი - ამ საყოველთაო საზეიმო განწყობას არ უერთდებოდა სამეფოს ბინადარი ჯადოქარი. მას, თვითონაც არ იცოდა რატომ, მაგრამ არ მოსწონდა არაფერი საზეიმო, კეთილი და ნათელი.
ჯადოქარი - (წამოდგება სკამიდან, სცენის შუაგულისკენ მიდის, თან აქეთ-იქით იყურება და ამბობს) ახალი წლის საზეიმოდ დახვედრა მოინდომეს!მე კი არავის გავხსენდი, როგორც ყოველთვის! მე თქვენ გაჩვენებთ ზეიმს, ისეთ ოინს მოგიწყობთ, საერთოდ დაგავიწყდებათ ახალი წელი! )მოიქნევს შავ მოსასხამს, დატრიალდება და ჰოოპ. თოვლის პაპა და სანტა გაქრებიან)
ამ დროს სანტა და თოვლის პაპა გადაინაცვლებენ ნაძვის ხეების უკან.თვალს მოეფარებიან სპეციალურ სამალავში.
ჯადოქარი -(გადაიხარხარებს ) ესეც ასე! ახლა ვნახოთ როგორი ახალი წელი იქნება!არსად, არც ერთ ქვეყანაში, აღარც სანტა კლაუსი და აღარც თოვლის პაპა, აღარ მივლენ ბავშვებთან. მათ საჩუქრებს არავინ მიუტანს! (გადის სცენიდან, თვითონაც უკანა მხაეს ).
ნაძვის ხისკენ მოდიან პრინცესები, უკან წითელქუდა მოდის თავისი კალათით ხელში და წითელქუდას სიმღერას ღიღინებს. ნაძვის ხესთან სავარძლებში აღარ სხედან თოვლის პაპა და სანტა, საჩუქრების ყუთები უწესრიგოდ ყრია. დანარჩენი გმირებიც ნელ-ნელა თავს იყრიან ნაძვის ხესთან. ყველა აქეთ-იქით იყურება, ზოგი ბუხრის უკან, ზოგი ნაძვის ხეებს შორის, მაგრამ ისინი არსად ჩანან.
მთხრობელი - (მიმართავს მაყურებელს) წარმოგიდგენიათ ახალი წელი უსაჩუქროდ?      წარმოგიდგენიათ, რამდენ ბავშვს დაწყდება გული, როდესაც ახალი წელი დადგება და არც სანტა და არც თოვლის პაპა საჩუქრებს არ დაარიგებენ ?
მგელი - სად გაქრნენ სანტა და თოვლის პაპა? მათ გარეშე, როგორი ახალი წელი იქნება? რა მოხდა ნეტავ?
გოჭი1  (სანდრო) - რა მოხდა და ჯადოქარმა გააქრო ნამდვილად, ის ხომ ყველაფერს გააკეთებს, ჩვენ რომ ზეიმი ჩაგვიშალოს!
გოჭი2(ნიკოლოზი) - მართალი ხარ, არ უნდა, რომ ჩვენს მხიარულებას უყუროს.
გოჭი3 (ილია) - კი მაგრამ,აქ თუ გაქრნენთოვლის პაპა და სანტა, ბავშვებთანაც ხომ ვეღარავინ მივა?
3-ვე გოჭი ერთად - სასწრაფოდ გამოსავალი უნდა ვიპოვოთ, თორემ ახალი წლის მოსვლა მხიარული და სახალისო აღარ იქნება.
ფერია - (აქამდე ჩუმად ზის, ახლა წამოდგება)მე დაგეხმარებით, მე შემიძლია ბოროტი ჯადოქარიც კი ზღაპრის კეთილ გმირად ვაქციო.
ქალთევზა - (ჩამოხტება ყუთიდან) მეც დაგეხმარები. ჩვენ უნდა მოვძებნოთ ჯადოქარი და ვეცადოთ უკან დააბრუნოს სანტა და თოვლის პაპა, ამის შემდეგ კი ის მოვიწვიოთ ჩვენს ზეიმზე.
ფერია - შეიძლება ჩვენგან ასეთი საქციელის შემდეგ, ჯადოქარი მიხვდეს, რომ როცა კეთილი ხარ, უფრო კარგია, ვიდრე იყო ბოროტი იყო და სხვების ცუდად ყოფნა გიხაროდეს.
მგელი - (მიმართავს სპაიდერმენს, ბეტმენი, ნაცარქექიას, კომბლეს და გოჭებს)- სანამ თოვლის პაპა და სანტა არ ჩანან, ჩვენ დავასრულოთმათი საქმე. ჩვენ გავუმზადოთ საჩუქრები პატარებს. (მიდიან ყუთბთან და იწყებენ დალაგებას).
წითელქუდა - (მიმართავს რაპუნცელს,წუნა და წრუწუნას,ფიფქიას და კონკიას)როგორც კი თოვლის პაპა და სანტა მოვლენ, ზეიმი დავიწყოთ.ყველამ ვიცით საახალწლო ლექსი? სიმღერა?
ამ დროს ფერიასა და ქალთევზას მოყავთ ჯადოქარი, რომელსაც მოხსნილი აქვს ჯადოქრის ქუდი და მოსასხამი.
ჯადოქარი - მე აღარ მინდა საახალწლო ზეიმის ჩაშლა, აღარ მინდა ბოროტი ვიყო. მინდა ახალ წელს თქვენთან ერთად შევხვდე. ( რაპუნცელი მიდის, კიდებს ხელს და სვამს ერთ-ერთ სკამზე).
შემოდიან და თავიანთ ადგილებს იკავებენ სავარძლებზე სანტა და თოვლის პაპა.
მთხრობელი - როგორც ხედავთ, ზღაპრული პერსონაჟების ერთობამ, საახალწლო ზეიმი გადაარჩინა, ჯადოქარიც კი შეიცვალა, სიკეთეს სასწაულების მოხდენა მართლა შეუძლია. საახალწლო ზეიმი ახლა კი ნამდვისლად ჯადოსნური გამოვა.
ისმის მუსიკა და მოსწავლეები სხდებიან ნაძვის ხის ირგვლივ სკამებზე. შუაში ექცევიან სანტა და თოვლის პაპა. სკამები ნახევარწრეზეა განლაგებული.
თოვლის პაპა - (წამოდგება, წვერზე ხელს ჩამოისვამს ) მე და სანტას ძალიან გვიხარია, რომ ღრუბლებს იქითა სამეფოში ასეთი თბილი და ბედნიერებით სავსე ახალი წელი მოვიდა! თქვენ შეძელით და ყველა ბავშვი ბედნიერი და გახარებული იქნება საახალწლოდ! გილოცავთ! მრავალ ახალ წელს დასწრებოდეთ, ასე გამარჯვებულები!
სანტა კლაუსი ( წამოდგება და რიხიანად ამბობს ჰოუ,ჰოუ,ჰოუ) მართალია თოვლის პაპა,თქვენ ერთად შეძელით, რომ ახალი წლის შემობრძანება ასეთი საზეიმო ყოფილიყო!გილოცავთ! მრავალი ბედნიერი წელი დამდგარიყოს ჩვენს სამეფოში! გილოცავთ ახალ წელს!
წითელქუდა - მოგესალმებით თოვლის პაპა და სანტა, ჩვენ, ღრუბლებს იქითა სამეფოს მაცხოვრებლებმა, გადავწყვიტეთ ახალ წელს, თქვენთან ერთად, ზეიმით შევხვდეთ.
სიმღერა #1 (ზამთარზე)
დედოფალი - როგორ ცივა, თუმცა ზამთარია და ზამთარს სიცივე, თოვლი და ყინვა უხდება.
(ლექსები ზამთარზე)
1. ზამთარი - ნიკოლოზ გელაშვილი
ნეტავ საიდან გაჩნდა ამდენი
ფიფქი, ლამაზი, კოხტა, პატარა.
ზეცას გაუწყდა ალბათ მძივები
და დედამიწას გადმოაყარა.
თეთრი, ბრჭყვიალა და ნამცეცები
იანვარს ფანტელ-ფანტელ აყარა.
ზეცამ მოიხსნა მარგალიტები
და დედამიწას გადმოაყარა.
2. ზამთარი - დაჩი
ცა ნაცრისფრად გაცრეცილა,
თოვლი მოდის, თოვს.
ენძელები ცვივა ციდან,
თოვლი მოდის, თოვს.
ფანტელ-ფანტელ, ფთილა-ფთილა,
თოვლი მოდის, თოვს.
ხელისგულზე ნაზად, ფრთხილად
ეცემა და თოვს.
თვალებსა გვჭრის ზამთრის დილა,
თოვლი მოდის, თოვს.
თოვლი მღერის, თოვლი ცეკვავს,
თოვლი მოდის, თოვს.
3. გუნდა-გუნდა  - მარიამ ხაჩატუროვი          -


გუნდა-გუნდა, თოვლის გუნდა,
გაგორდება, სადაც უნდა,
გაეპარა დედა თოვლს და
კარუსელზე შემოსკუპდა.
დედა თოვლი ფიფქებს აფრქვევს:
-
ჩემი გუნდა სად არის?
მის ძებნაში გადათოვლა
თოვლმა მთელი ქალაქი.
გაიხარეს პატარებმა:
-
ფანტელები ცვივა ციდან,
ეს რა კარგად მოგვილოცა
თოვლმა ახალი წლის დილა
რაპუნცელი- ზამთარი, ძალიან ლამაზია, მაგრამ ბავშვებს ის ახალი წლის გამო უფრო უყვართ. ამ დროს ხომ ყველაფერი განათებულია და ბრწყინავს. ყველა სახლში ნაძვის ხე დგას და საახალწლო ფუსფუსია. (ლექსები ახალ წელზე.)
4. საახალწლო- ნინი                                                                                                                                                             
- ახალი წლის საღამოა,
ქარი ქრის და ფიფქი ცვივა,
თოვლის საბანს რომ იხურავ,
ნაძვის ხეო, არა გცივა?
- არა მცივა, პატარებო,
მე ღიმილი თქვენი მათბობს
და გისურვებთ, რომ თქვენს გულშიც
არასდროს არ დაიზამთროს.
ზამთარია, მაგრამ გული
არ გითბებათ ყველას განა?
ხედავთ? თოვლის ბაბუამაც
საჩუქრები მოგიტანათ.
უღრან ტყიდან მოვიჩქარი,
ისე ძლიერ შემიყვარდით,
მე მოვედი, რომ ახალი
მოგილოცოთ წელიწადი.

5. საახალწლო სიმღერა- ნანიკო
თეთრი ციდან ფიფქი ცვივა,
გვირილების ხელაო...
ჩქარა ტაში,
ჩქარა ტაში,
აბა, დელი-დელაო!
ჩვენს ნაძვის ხეს შემოევლოს
წიფელა და თელაო.
ეს რა კარგი,
რა ლამაზი
დილა გაგვითენდაო.
თეთრი ციდან ფიფქი ცვივა,
გვირილების ხელაო...
ჩქარა ტაში,
ჩქარა ტაში,
აბა, დელი-დელა !
6. დღეს ახალი წელია- ლიზი მაისურაძე
დელი, დელი, დელია,
დღეს ახალი წელია.
თურმე ჩვენთვის ბებიას
ბევრი საჩუქრები აქვს.
- ეს რა არის, ბებია?
- ტკბილი ჩურჩხელებია.
ეს რაღაა, ბებია?
- ტკბილი ნაზუქებია.
დელი, დელი, დელია,
დღეს ახალი წელია,
ყველაფერი ბევრია.

7. საახალწლო-ლუკა
თოვლმა უცებ დაბურა
მინდორი თუ კორდი,
თოვლის თეთრი ბაბუა
საჩუქრებით მოდის.
ათასფერად ბრიალებს
ჩვენი ნაძვის ხეო.
დადგა მღერა-სიცილით
ახალი წლის დღეო.
სიმღერა# 2 ( ნაძვის ხეზე)
ლექსები ნაძვის ხეზე.
8. ნაძვის ხის სიმღერა- ლანა
მოვალ, როცა მთა და ბარი
თეთრ ნაბადში გაეხვევა,
პატარების საოცნებო
საახალწლო ნაძვის ხე ვარ.
ჩამოვიყვან თოვლის პაპას,
მხარზე ხურჯინგადაკიდულს,
ჩამოვიტან ნამცხვარს, ქადას,
ჩურჩხელას და შაქარყინულს.
მალხაზებო, მანანებო,
ვარსკვლავების სადარებო,
მოდით ჩემთან, საჩუქრები
დაგირიგოთ, პატარებო!
სიმღერებით ცა მთოვარი
გაათბეთ და გაადარეთ,
ეს ახალი წელიწადიც
ბედნიერად გაატარეთ!
9. დათას ნაძვის ხე- დათა
დათა მთელ დღეს ნაძვის ხის
მორთვითაა გართული,
ხან ფიფქებით ხალისობს,
ხან ფერადი ნათურით.

ეხმარება დედიკოს
ფანტელების დათვლაში,
აღარც ძილი ახსოვს და
არც ეზოში თამაში.

10. ნაძვის ხე - ნიკოლოზ ხვედელიძე
შემოდგომით ქარი ქროდა,
ხეს ფოთლები სცვიოდა,
მარად მწვანე ნაძვის ხეს კი
არასოდეს სციოდა.
ზამთარია, ცივა, ყინავს,
მთები თოვლმა დაბარდნა,
საახალწლო ნაძვის ხიდან
ცეცხლი ცამდის ავარდა.
ჩვენ არ გვტკივა, არც შეგვცივა,
დღეს ბავშვები მღერიან,
საქართველო ზამთარშიაც
მთლად ზურმუხტის ფერია.
წითელქუდა - ახალ წელს ბავშვებს ყველაზე მეტად თოვლის ბაბუა ართობს ნაირ-ნაირი საჩუქრებით და ისინიც არ იშურებენ ლექსებს მისთვის.
11. თოვლის ბაბუა - დავით გრიგალაშვილი
გადმოლახა ზღვები და
გადმოლახა მთები -
მოდის თოვლის ბაბუა
დათოვლილი მხრებით,
დათოვლილი წარბებით,
დათოვლილი თმებით.
მოჰყავს დათუნიები
მოაქვს საჩუქრები.
გარეთ ცივი ქარია,
ათოვს მთებს და ველებს.
ალბათ სცივა ბაბუას -
ვინ გაუთბობს ხელებს?
როცა მოვა, ვიცეკვებთ
და გულს გავიხარებთ,
გაზაფხულის მოსვლამდე
არ გავუშვებთ გარეთ.
12. ანა-გოგოს წერილი - ანი
საყვარელო თოვლის პაპა,
ჩემს ნატვრასაც გეტყვი, აბა.
საახალწლოდ მომიტანე
ფუშფუშებიანი კაბა!

ზედ ეხატოს
მზე და მთვარე.
ვარსკვლავებიც
ჰქონდეს, ბარემ!

რომ ჩამოჰკრავს თორმეტჯერ,
საახალწლოდ საათი,
შენც მოქროლდი მარხილით!
არ იარო ტაატით!

ვერცხლის ზანზალაკები
მალე მომიწკარუნე!
დაგახვედრებ გოზინაყს,
პირი ჩაიტკბარუნე.

გელოდები,
იცი, როგორ?
აბა, გკოცნი.
ანა-გოგო.

13.  ეს რა დილა გაგვითენდა  - თეკლა
მოდის ფიფქი, ფარფატელა,
ნაძვის ხესთან ვმღერით ყველა.
თოვლის პაპამ, კარგმა პაპამ
ეს რა დილა გაგვითენა.
მიგვიწვია ნაძვის ხესთან,
გოგო-ბიჭი კოკროჭინა,
საჩუქრებიც დაგვირიგა,
ყელი ჩაგვიკოკლოზინა.
14. უშგულელი თოვლის ბაბუ- სანდრო
ჭრელ ხურჯინში უამრავი
საჩუქრები ჩაუწყვია,
უშგულელი თოვლის ბაბუ
რა კეთილი, რა უხვია.

თეთრ ცხენს ისე მოაგელვებს,
ამირანი გეგონება,
მოიჩქარის თბილისისკენ,
იცის, ყველა ელოდება.
ყველა დამილოცნიხართო,
ვალი გადევთ დიდზე დიდი,
საქართველო გიყვარდეთო,
მის ერთობას გაუფრთხილდით.
15. წერილი თოვლის ბაბუას - ილია
ჩემო თოვლის ბაბუა,
მენატრები ძალიან,
გავიგე, რომ ბავშვებთან
გულით მოგიხარია.
ისიც ვიცი, ხურჯინი
საჩუქრებით სავსე გაქვს,
ალბათ როგორ დაგღალა
მძიმე ტვირთის ტარებამ!
ჰოდა, თოვლის ბაბუა,
იცი, მე რას ვნატრულობ?
საახალწლოდ ეგ სავსე
ხურჯინი რომ მაჩუქო!
16. როდის მოვა თოვლის პაპა? - დემეტრე
მაშინ, როცა დეკემბერი წავა,
გზას დაუთმობს იანვარს და თოვას
პატარებო, ახალი წლის ღამეს,
თოვლის პაპა საჩუქრებით მოვა.

ყველაფერი დაუჯერეთ მშობლებს,
სწავლით გული გაუხარეთ, თორემ,
თოვლის პაპა ურჩ და ზარმაც ბავშვებს,
დამიჯერეთ, უსაჩუქროდ ტოვებს.
17. საახალწლო კარნავალზე - ელენე
ტანში ჟრუანტელი მივლის,
ახალი წლის დილა დგება,
ფიფქი - თოვლის შვილობილი
ხელზე მტრედად
მაფრინდება.
მელაკუდა რა ხანია
აღარ დასდევს კუდში იხვებს,
დათვი, თითქოს ბატკანია,
თავს გვიკრავს და
ხმას არ იღებს.
მგელს არა აქვს სულაც შიში,
თოვლის პაპა როცა ჩნდება,
ჩვენთან ერთად დგება რიგში
და საჩუქარს ელოდება.

სიმღერა  #3
კონკია - ჩვენ, ყველა ერთად გილოცავთ ახალ წელს და ჩვენს სანტას და თოვლის პაპას ვუშვებთ ბავშვებთან, რომ ისინი გაახარონ საჩუქრებით. ჩვენ გვინდა, რომ ყველა თქვენგანის ოჯახის მეკვლეს სიკეთე, ხვავი და ბარაქა შემოეტანოს.
18. მეკვლე - გაბრიელი
როცა ზეცის კაბადონს
თეთრი ნისლი დაბურავს,
ტყიდან დინჯად გამოდის
თოვლისფერი ბაბუა.

მოაქვს ლხენა რამდენი,
საჩუქარი რამდენი,
სანთლებივით ადნება
წვერზე თეთრი ფანტელი.

მოსდევს თოვლი ახალი,
იცინიან ფიფქები,
ვინც დედის გულს ახარებს,
მისი მეკვლე ვიქნები.
19. გილოცავ! - რატი
გილოცავ! გილოცავ! ახალ წელს გილოცავ.
შენ - ვისაც სამშობლო გიყვარს...
საბა ხარ! ლიზი ხარ! მარი ხარ! ანი ხარ! ნინი ხარ!
ეს სულერთია - ვინ ხარ.
ახალი წელია... თოვლიც გვესალმება...
თოვლიც გვესალმება ციდან...
- ცრემლები?!
- ცრემლებზე - ბოდიში!
- ღიმილი?!
- ღიმილი -
რამდენიც გინდა...
გვიყვარდეს სამშობლო, სიმართლე გვიყვარდეს,
გვიყვარდეს, გვიყვარდეს წიგნი...
რაც უნდა ისურვო, რაც უნდა ინატრო, -
ესაა ყველაზე დიდი.

გილოცავ! გილოცავ! ახალ წელს გილოცავ.
შენ - ვისაც სამშობლო გიყვარს...
ლუკა ხარ! დათა ხარ! ნიკა ხარ! თეკლა ხარ!
ეს სულერთია - ვინ ხარ!

20. გოზინაყი - ლიზი ბარბაქაძე
დათვმა თაფლი მოიტანა
ტკბილი, როგორ შაქარი
ციყვმა ზამთრის მარაგიდან 
გაარჩია კაკალი

კურდღელი ჭრის ნიგოზს, ხოლო 
თაფლს ადუღებს მელია... 
გააკეთეს გოზინაყი
უჰ, რა გემრიელია

დაურიგეს ტყეში ყველას
დიდებსა და პატარებს
მეც მარგუნეს, ხოლო ცოტა 
თქვენთან გამომატანეს...
21. მრავალ,მრავალ ახალ წელს - საბა
ნაძვის ხეზე ჩიტი ჯდება,
ოქროს ნისკარტს მაღლა სწევს,
საქართველოს სადიდებლად
მრავალ, მრავალ ახალ წელს!
ჩემი გული სიხარულით,
რა თქმა უნდა, ახლაც ძგერს,
მშვიდობა და სიყვარული,
მრავალ, მრავალ ახალ წელს!

ყველა დგება სკამიდან, მოდიან წინ, ირთვება საახალწლო მუსიკა jingle bells დაბალ ხმაზე.


ახალი წელია, ავავსოთ თასები,
დავლოცოთ ეს ჭერი, ფუძე და კერია.
რეკავენ, რეკავენ, რეკავენ ზარები
იმედის მომტანი ახალი წელია!
დავლოცოთ ქართული ლექსი და სიმღერა,
დავლოცოთ ქართული ჯიში და გენია.
ჩემო ერთდერთო, ჩემო საქართველო
გილოცავ, გილოცავ ახალი წელია!

მე- დიდი მადლობა მობრძანებისათვის! გილოცავთ დამდეგ 2019 წელს!

დასასრული

2 comments:

  1. ყველაზე საუკეთესო საუკეთესოთა შორის #nino mchedlishvili��

    ReplyDelete
  2. დავათვალიერე თქვენი ბლოგი და მასალები თანმიმდევრულად, გასაგებად გაქვთ განლაგებული.

    ReplyDelete

სცენარი მე-3 კლასის გამოშვებისთვის.

  გაიცანი, ეს შენი საქართველოა!   წამყვანი 1 მოგესალმებით, ჩვენ, მესამე ბ კლასის მოსწავლეები, ვამთავრებთ მესამე კლასს და გვინდა გაგვიც...