Wednesday, June 19, 2019

მოთხრობა - ყვითელი დათუნიას ამბავი


ყვითელი დათუნიას ამბავი
მას კარგად ახსოვს ის დღე, როდესაც მაღაზიის მტვრიანი თაროდან ჩამოიღეს და ქაღალდში გაახვიეს. ყველაფერი ესმოდა, მერე რა, რომ თვითონ არ შეეძლო საუბარი? სამაგიეროდ ზუსტად იცოდა, რომ მას ბევრ ამბავს მოუყვებოდა, ვინც მთელი გულით შეიყვარებდა.
მანქანით დიდ ხანს ატარეს, სხვადასხვა ხმები ესმოდა, თან ინტერესი კლავდა, ნეტავ სად მიჰყავდათ?იქ, სადაც მივიდოდა, შეიყვარებდნენ თუ არა? თან თავის ხასხასა, ყვითელ ბეწვს უყურებდა და ფიქრობდა : მე ძალიან მეყვარება ჩემი პატრონი; იხსენებდა ზღაპრებს და სიმღერებს. ამ ყველაფერს მოუყვებოდა მას და სჯეროდა, რომ ისინი საუკეთესო მეგობრები გახდებოდნენ. ის, ხომ, ყვითელი სათამაშო დათუნია იყო, თეთრი ლამაზი დრუნჩით და თბილად მომზირალი შავი თვალებით.
მანქანა გაჩერდა და ის ხელში აიყვანეს. ერთ ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ სახლში აღმოჩნდა, სადაც ბევრი ხალხი ირეოდა. ნეტავ ის სადაა? და გაიგონა კიდეც, გოგონას ხმა, დედას ეძახდა. დედა არ იყო, ამიტომ გოგონას ხელში სწორედ ის შეაჩეჩეს. ესეც ასე, გაიფიქრა დათუნიამ, ჩემი პატრონი ვიპოვე, ნეტავ თუ შევძლებ მასთან ლაპარაკს? ის ხომ ისეთი პატარაა?მაგრამ დათუნიამ არ იცოდა ერთი საიდუმლო - პატარა გოგონებს ესმით მათი, ვისიც არ ესმის სხვა, არც ერთ სულიერს. გოგონამაც იგრძნო, რომ დღეიდან საიმედო მეგობარი ყავდა, ვისაც მისთვის ყოველთვის ეცლებოდა.
-შენი ძილის დროა - გაისმა უცებ, დათუნია შეცბა, არ უნდოდა ასე მალე ახალ შეძენილ მეგობართან განშორება.
გოგონამ ლაპარაკი ჯერ არ იცოდა, ამიტომ გულთან მჭიდროდ მიიხუტა დათუნია და ისე შეხედა თავს წამომდგარ ქალს. დათუნიაც მჭიდროდ ჩაეხუტა გოგონას.
-კარგი, დაიძინე შენს ახალ სათამაშოსთან ერთად - დართეს გოგონას ნება.
საწოლში, ისევ ჩახუტებული ყავდა გოგონას დათუნია და უყვებოდა, უკვე ძალიან ახლობლად ქცეულს, როგორ ენატრებოდა დედა, რომელიც არ ენახა დაბადების დღიდან;როგორ უნდოდა, დედას მისთვის იავნანა ემღერა ან ზღაპარი მოეყოლა, ან უბრალოდ დალაპარაკებოდა ან სულაც, გაწყრომოდა...მაგრამ დედა არ იყო.. რატომ? ეს გოგონამ არ იცოდა.
დათუნია მიხვდა, რომ ამიერიდან მას ძალიან დიდი მოვალეობა ეკისრა - გოგონას მარტოობა აღარ უნდა ეგრძნო. და დაიწყო ...
მას შემდეგ გოგონას დათუნიას გარეშე აღარ დაუძინია, ძილის წინ ხან რა ამბავს მოუყვებოდა დათუნია და ხან რა ამბავს, ხან უმღეროდა ხოლმე. გოგონას ესმოდა მისი, მას კი გოგონასი.
წლები გადიოდა, იცვლებოდა გოგონას ცხოვრება, ხდებოდა ბევრი ცუდი და ცოტა კარგი რამ. ის კი ყოველთვის მასთან იყო, მართალია გოგონა დიდი ხანია მას აღარ ეხუტებოდა და მხოლოდ შორიდან უყურებდა მის ცხოვრებას, მაგრამ მაინც არ დაშორებულან.
დათუნია დაძველდა, ყვითელი ხასხასა ბეწვი გაცვდა, ცალი თვალი ამოვარდა, აღარ გამოდგებოდა ოთახში გამოსაჩენად და ბნელ კარადაში გადამალეს. იქ კი, აღარ დაუთვლია დრო. ან რა აზრი ქონდა, ის აღარავის აღარ ჭირდებოდა...
ერთ დღეს სინათლის სხივს მოკრა თვალი, გაუკვირდა, ნეტავ რა ხდება, ვის გაახსენდა? მაგრამ ფიქრის დასრულება ვერ მოასწრო, სტაცეს ხელი და გარეთ გაათრიეს. ფართოდ გაახილა დათუნიამ თვალები...დაინახა იგივე თვალები, რომელიც ასე ძალიან უყვარდა, მაგრამ ეს თვალები სხვა პატარა ადამიანს ეკუთვნოდა, რომელსაც მისი პატრონის სურნელი ასდიოდა, მაგრამ ის არ იყო...
მისთვის ახალი ცხოვრება დაიწყო. უკვე მესამე ღამეა ფუმფულა ლოყის ქვეშ ძინავს. ისევ გალამაზდა, ისევ გაიხსენა ზღაპრები და სიმღერები. მას ისევ მოვალეობა აკისრია - პატარა გოგონას ძილს უნდა უდარაჯოს.

No comments:

Post a Comment

სცენარი მე-3 კლასის გამოშვებისთვის.

  გაიცანი, ეს შენი საქართველოა!   წამყვანი 1 მოგესალმებით, ჩვენ, მესამე ბ კლასის მოსწავლეები, ვამთავრებთ მესამე კლასს და გვინდა გაგვიც...