ციყვი ფაფო
ერთ ძალიან ლამაზ ტყეში,ნეკერჩხლის ხე იდგა. ტყეში ადამიანის
ფეხი იშვიათად ხვდებოდა,ამიტომ დაბურული და თითქმის გაუვალი იყო. მზის სხივი მხოლოდ
ირიბად თუ დაეცემოდა ფოთლებს. მათაც, ძალიან უხაროდათ მზის სხივებთან თამაში. შემოდგომით
ნეკერჩხალი თავის მწვანე ფოთლებს ემშვიდობებოდა და ულამაზეს, წითელ-ყვითელ მოსასხამს
ირგებდა, ზამთრობით კი თოვლის თეთრ საბურველში ეხვეოდა.
ნეკერჩხალი ძალიან დიდი ხნის იყო, ამიტომაც, არაა გასაკვირი,
რომ მას დიდი ფუღურო ჰქონდა. ეს ფუღურო იყო ციყვის, სახელად ფაფოს სახლი. ის გულმოდგინედ
უვლიდა თავის სახლს, ასუფთავებდა,ალაგებდა და რა თქმა უნდა, საზამთროდ, სანოვაგით ავსებდა.
აბა რა, დაბურულ ტყეში ხომ დიდი და თოვლიანი ზამთარი იცოდა. მოთოვდა და ირგვლივ სითეთრის
გარდა ვერაფერს დაინახავდი. მხოლოდ ბეღურა ჩიტები თუ გადასძახებდნენ ერთმანეთს. ამ
დროს კი ფაფო თბილად მოკალათებულიყო ბებერი ნეკერჩხლის ფუღუროში და ხან თხილს, ხან
კაკალს და ხანაც გირჩს მიირთმევდა.
ფაფოს ძალიან უყვარდა სტუმრად თავისი მეგობარი თაგუნიას
მიღება. თაგუნიას ბათუ ერქვა და ნეკერჩხლის ფესვებს შორის, მიწაში ქონდა სორო. მასაც
უყვარდა ფაფოსთან სტუმრობა, სხავადასხვა თემაზე ბაასი და ნუგბარით პირის ჩატკბარუნება.
დაზამთრდა. პირველი თოვლი უკვე მოვიდა და ყინვამაც მოუჭირა.
ფაფომ გადაიხედა თავისი თბილი ფუღუროდან და ჩაილაპარაკა - რა ბედნიერებაა, რომ ამ ცივ
ზამთარში ასეთი თბილი სახლი მაქვს. მაგრამ უცებ დასევდიანდა, გაახსენდა, რომ ძალიან
ბევრ ტყის ბინადარს თავშესაფარი საერთოდ არ ქონდა და შეიძლებოდა ამ ზამთრისთვის ვერც
გაეძლოთ. ფაფოს გაუჩნდა სურვილი, რომ დახმარებოდა მათ. ფაფო ძალიან კეთილი იყო.
ამასობაში, ისევ წამოვიდა თოვლი.დილამდე აღარ გადაუღია.
გათენებისას, ბებერი ნეკერჩხლის ხე თითქმის ნახევრამდე იყო თოვლით დაფარული.
ფაფოს კარზე სუსტი ფხაჭუნი გაისმა. მასპინძელმა შემოიპატიჟა
თავისი სტუმარი ბათუ, რომელსაც სიცივისაგან ერთიანად აკანკალებდა, თანაც მშიერი იყო.
-რა
კარგია, როცა ასეთ მყუდრო ფუღუროში ცხოვრობ- ალაპარაკდა თაგუნია, როცა გათბა და დანაყრდა.
- აბა ჩემი სორო რა სახლია, ბნელა და თან ცივა. მეგობრებიც ვერ მიმიღია, იმხელა თოვლი
მოვიდა, გზა მე ძლივს გამოვიკვლიე, არადა ორ დღეში დაბადების დღე მაქვს, როგორ ვგეგმავდით
გართობას...თქვა და მოიწყინა.
ფაფოს შეეცოდა მეგობარი, თან გაახსენდა თავისი გუშინდელი
ნაფიქრი და გადაწყვიტა დახმარებოდა.
-შენ არ ინაღვლო, მე დაგეხმარები - მოხვია ფუმფულა კუდი
თაგუნიას- მეგობრები ხომ იმიტომ არსებობენ, რომ გასაჭირში დაუდგნენ გვერდით
ერთმანეთს. მოიწვიე შენი მეგობრები და დაბადების დღის ზეიმი აქ, ჩემს ფუღუროში გავმართოთ.
-ამას მართლა გააკეთებ ჩემთვის ?-სიხარულით ჰაერში ახტა
თაგუნია; თან თავის კუდს დაუწყო წვალება - იცი, მე, მე, არც სანოვაგე მაქვს და არც
სასუსნავები წვეულებისთვის...
-არც ეგაა პრობლემა- შეაგულიანა ფაფომ -მე ხომ იმდენი
შევაგროვე, რომ ადვილად გავწვდებით შენი დაბადების დღის წვეულებას და მთელი ზამთარიც
თავისუფლად მეყოფა.
ბათუ მადლობის სათქმელად სიტყვებს ვერ პოულობდა. ფაფოს
სიკეთეს, ხომ საზღვარი არ ქონდა.
დადგა ბათუს დაბადების დღე. მეგობარს ხომ არ შეარცხვენდა,
ამიტომ ფაფომ საგულდაგულოდ დაალაგა და დაასუფთავა ფუღურო. სასუსნავები ლამაზად დაალაგა
და სტუმრებს დაუწყო ლოდინი.
ბათუ თავისი 5 მეგობარი თაგუნიას თანხლებით გამოცხადდა
საკუთარ დაბადების დღეზე. საგულდაგულოდ გაპრანჭულიყო, კუდზე ბაფთაც კი შეება. მხიარული
შეძახილებით შემოსულ მეგობრებს ფაფოც მხიარულად დაუხვდა. გაჩაღდა ლხინი. ბათუს მეგობრები
დაცუნცულებდნენ და ფუღუროს ყველა კუთხე-კუნჭული მოინახულეს. დაასკვნეს, რომ ეს ფუღურო
გამოსაზამთრებლად საუკეთესო ადგილი იყო, თანაც სანოვაგით სავსე. ხელს მხოლოდ მასპინძელი
უშლიდათ, რომ მთელი ზამთარი ასე მოლხენილებს გაეტარებინათ.
ხუთმა თაგუნიამ გადაწყვიტა ბათუსთვის გაენდოთ მზაკვრული
გეგმა. გეგმა კი იყო ფაფო გაეძევებინათ საკუთარი სახლიდან და თვითონ დარჩენილიყვნენ
ფუღუროში, მთელი ზამთარი. ასეთ სიცივეს, ფაფო გარეთ ვერ გაუძლებდა და დაიღუპებოდა.
თაგუნებმა დრო იხელთეს და როგორც კი ბათუ დაიმარტოხელეს,
გაანდეს ჩანაფიქრი. -გგონიათ მან უარი უთხრა მეგობრებს ? - არა, პირიქით, თურმე მასაც
სდომებია ფაფოს სახლის დაპატრონება, მაგრამ
მოქმედებას ვერ ბედავდა, ახლა კი სწორედ შესაფერისი დრო იყო ჩანაფიქრის ასრულებისათვის.
-ფაფო, მოდი, ცოტა ხნით ჰაერზე გავიდეთ, ჩემო კეთილო
მეგობარო!-დაუძახა ბათუმ.
-გავიდეთ,- თქვა ციყვმა და წინ გაუძღვა მეგობარს. უცბად,
უკნიდან ძლიერი ბიძგი იგრძნო ფაფომ და ჰაერში აღმოჩნდა. როდესაც გამოერკვა, სულ სველი
ეგდო დამდნარ თოვლში, ბებერი ნეკერჩხლის ფესვებთან; თავად ნეკერჩხალი კი მწუხარე სახით
დასცქეროდა კეთილ ფაფოს, რომელიც უსამართლობის, შურის და ღალატის მსხვერპლი გამხდარიყო.
-ასეა ჩემო ფაფო, სიკეთეს ყოველთვის უპირისპირდება ბოროტება,მაგრამ
ჩვენ, უნდა შევძლოთ და არ მივცეთ მათ უფლება გაიმარჯვონ. მე დაგეხმარები! -აბუბუნდა
ბებერი ნეკერჩხალი.
მართლაც, ხე შეიძრა და თითქოს ძლიერი ქარიაო, გადაიზნიქ-გადმოიზნიქა.
თან გაურკვევლად ბუტბუტებდა. ეს ყველაფერ რა თქმა უნად იგრძნეს მის ფუღუროში მოკალათებულმა
მოღალატეებმა და შეშინდნენ. თან ისე ძალიან, რომ ერთმანეთის მიყოლებით გამოიქცნენ ფუღუროდან.
ფაფო ამ ყველაფერს დაბლიდან უყურებდა, მას ძალიან ციოდა, ფუმფულა კუდი დასველებოდა
და ახლა უკვე, ყინვისაგან, მძიმე ლოლუად ეკიდა. ფაფოს აღარ შეეძლო ნეკერჩხლის ტანზე
აცუნცულება და თავის თბილ სახლში მოკალათება. ეს შეამჩნია ნეკერჩხალმა. ისიც გაყინული
იყო, მაგრამ ისევ მოიკრიბა ძალა და ერთი ტოტი
დასწია მიწამდე, რომ ციყვს მასზე შეძლებოდა ასვლა.
ფაფო ისევ თავის ფუღუროშია, მაგრამ მოწყენილი, მას უღალატეს!
დაეხმარება ნეტავ კიდევ ვინმეს ფაფო?
No comments:
Post a Comment