ყველაზე ლამაზი
ახალი წელი
საღამოა, ზამთრის პირქუში საღამო. ერთ ძველ სოფელში
სიჩუმეს დაუსადგურებია, სოფლის მაცხოვრებლები თავ-თავიანთ სახლებში შეკეტილან და დათოვლილ
ქუჩებში ჩამი-ჩუმი არ ისმის. ნამდვილად არის კი ხალხი ამ სოფელში? კი, არის, ამაზე
კი საახალწლოდ მორთულ-მოკაზმული სახლებიდან გამოსული სინათლე მოწმობს. ირგვლივ ძაღლის
ყეფაც არ ისმის, მზრუნველ პატრონებს ისინიც შინ, თავისთან ჰყავთ შეყვანილი, სითბოსა
და სინათლეში. არადა, არ არის ეს ჩვეულებრივი საღამო, ამ ღამით ახალი წელი დგება! ეჰ,
ყველაზე მაღალ კოშკურაზე მოწიკწიკე საათს ახსოვს დრო, როდესაც სოფლის ქუჩები თბილად
ჩაცმული ბავშვების ჟრიამულს ვერ იტევდა, მაცხოვრებლები კი გაღიმებული სახეებით ერთიმეორესთან
გადარბოდნენ, არიქა, საახალწლო სამზადისისთვის არაფერი დაეკლოთ. ახლა კი, დუმს ქუჩები
და საათი სიმარტოვეშია, მასაც რომ მობეზრდეს და შეწყვიტოს წიკწიკი, სოფელში ისეთი სიჩუმე
გაბატონდება, რომ შესაძლოა ახალმა წელმა იფიქროს, აქ მაინც აღარავინ ცხოვრობსო და გადაიფიქროს
შემოსვლა.
- მაგრამ, არა, მოიცა, ეს თოვლის ჭრაჭუნის ხმა არაა?
ესე იგი ვიღაც მოდის! - ნეტავ ვინ უნდა იყოს? კოშკურის საათი ინტერესმა იმდენად შეიპყრო,
რომ ისრების წინ წაწევა, კინაღამ დაავიწყდა.
თეთრ ქათქათა თოვლში მკაფიოდ გამოჩნდა თავიდან ფეხებამდე
შავ ლაბადაში გახვეული, ხელჯოხს დაყრდნობილი მოხუცი ქალი. იგი ნელი ნაბიჯით მოდიოდა
გაუკვალავ თოვლში. უცებ, ქუჩის ბოლოს მდგარ სახლთან შეჩერდა და ხელჯოხით კარზე დააკაკუნა.
კარი პატარა, თვალებციმციმა ბიჭმა გაუღო; მას უკან დიასახლისი მოჰყვა და მკაცრი ხმით
უკან შეაბრუნა შვილი: - ხომ გითხარი, უცხოებს კარი არ გაუღო! შედი ახლავე სახლში!-
პატარა ბიჭი თავჩაღუნული შევიდა შინ. დიასახლისმა ამრეზით შეათვალიერა კარს მომდგარი
უცნობი და კარის მიხურვა დააპირა. ქალმა კარის მიხურვის საშუალება არ მისცა და დაბალი,
წყნარი ხმით უთხრა : ახალ წელს გილოცავ შვილო! ძალიან მშია, შეგიძლია რამით გამიმასპინძლდე?
დიასახლისი შეყოვნდა, მაგრამ მოხუცი მაინც შეიპატიჟა:
- მობრძანდი, მიირთვი!
- არა შინ არ შემოვალ, თუ რამე გემეტება ჩემთვის, პატარა
მაგიდით გარეთ, აქ გამომიტანე! - იყო მოხუცი ქალის პასუხი.
დიასახლისი სახლში შევიდა თუ არა, მოხუცი მის სახლს
მოშორდა და მეზობლად მდგარი ლამაზი სახლისაკენ გადაინაცვლა.
-ვინ ხარ და რა გინდა? - არს ისე სასიამოვნო განწყობა
ეხატა სახეზე ამ სახლის ქალბატონს.
-ძალიან მშია, თუ რამე გაქვს შეგიძლია დამაპურო? - გაისმა
ისევ მოხუცის საცოდავი, დაბალი ხმა.
-შემოდი და გაჭმევ რამეს. - დაირცხვინა დიასახლისმა,
- ახალ წელს კარს მომდგარ ადამიანს ვერ უთხრა მკაცრი უარი.
-აქ დაგელოდები, თუ გემეტება რამე, აქ გამომიტანე.
- მოხუცი არც მას შეჰყვა სახლში.
დიასახლისის სახლში შესვლისთანავე უცნობმა ქალმა მესამე
სახლთან გადაინაცვლა და ახლა ამ კარზე დააკაკუნა თავისი ხის ჯოხით’.
-ვინ არის ამ ახალი წლის ღამეს, თქვენ სახლში ვერ შეხვდებით
ახალ წელს? ხალხის შეწუხება რა ამბავია?
-ძალიან ცუდად ვარ, ამ ახალი წლის ღამით ნუ მომკლავ
შიმშილით, იქნებ გამიმასპინძლდე რამით?- კიდევ უფრო საცოდავად ჟღერდა ქალის ხმა.
- აქ გაჩერდი, რამეს მოგაწოდებ! - შეუვალი იყო დიასახლისის
ხმა. მოხუცის თვალწინ კიდევ ერთი კარი მიიხურა. ასე მოიარა მოხუცმა რამდენიმე ერთმანეთის
მეზობლად მდგომი სახლი, არსად შევიდა, ყველას მხოლოდ გარეთ ორიოდე ლუკმის გამოწოდება
სთხოვა. შემდეგ კი გზა გააგრძელა და თვალს მიეფარა.
ამასობაში კი მოხუცისათვის მისართმევი ლანგრით ხელდამშვენებული
დიასახლისები ერთმანეთის მიყოლებით გამოვიდნენ სახლიდან და ამაოდ ეძებდნენ მოხუცს.
-ჩემთან ერთი ქალი იყო მოსული, შიოდა, ნეტავ სად გაქრა?-წამოიწყო
საუბარი იმან, ვის სახლთანაც პირველი მივიდა მოხუცი.
-ჩემთანაც იყო ერთი საცოდავი ქალი, საჭმელი გამოვუტანე,
მაგრამ არ ჩანს. - გააგრძელა მეორემ.
-მე კარებთან მელოდებოდა ერთი მათხოვარი, უნდა მიმეცა
ლუკმა, მაგრამ არ ჩანს. - თავისი განწყობა გამოავლინა უცნობი მოხუცისადმი მესამემ.
კოშკურიდან მომზირალმა საათმა იგრძნო, რომ რაღაც საინტერესო
უნდა მომხდარიყო.
გარეთ გამოსულ დიასახლისებს შინ შესვლა რომ შეაგვიანდათ,
მეუღლეებმა გამოაკითხეს, გარეთ კი ერთმანეთს გაუბეს ლაპარაკი;.
-რა ლამაზი ღამეა, ახალი წლის შესაფერი, როგორ უხდება
თოვლი ჩვენს სოფელს!- აღფრთოვანდნენ მეზობლები.
-მართალი ხარ ასეთი მშვენიერი ახალი წლის ღამეა ჩვენ
კი სახლიდან გარეთ გამოსვლაც არ გვინდოდა - კვერი დაუკრეს ერთმანეთს.
-საახალწლო დღესასწაული აქვე, ერთად ხომ არ მოვაწყოთ?
- იდეა გაუჩნდა ვიღაცას.
-რატომაც არა, რატომაც არა.- ახმაურდნენ სოფლის მაცხოვრებლები.
ალბათ იგრძნეს, რომ ასე ერთად ახალი წლის შეხვედრა გაცილებით სახალისო იქნებოდა, ამიტომაც
შინ შებრუნება აღარავის უფიქრია. მალე მათ ოჯახის სხვა წევრებიც შემოუერთდნენ, ვის
რომელი ღვინო მოჰქონდა - ახალი წელი ხომ უნდა დაელოცათ? ბავშვებმა თავად მოიფიქრეს
- გამორთეს ტელევიზორები და კომპიუტერები , თბილად ჩაიცვეს და უფროსებს გამოჰყვნენ
გარეთ.
ატყდა ერთი ჟივილ-ხივილი, ერთმანეთის გადაძახილი, ჭიქების
ჭახუნი. მაგრამ არსად ჩანდა მოხუცი ქალი, რომელმაც შეძლო და ეს სახლებში თბილად მოკალათებული
ხალხი გარეთ გამოიყვანა და ერთმანეთს შეახვედრა..
ცამ იგრძნო, რომ დრო იყო და წამოვიდა ფიფქები, ბებერმა
საათმა იგრძნო რომ დრო იყო და ისე ომახიანად, როგორც არასდროს, აახმაურა თავისი გული
როდესაც საათის ისრების 12- თან შეერთდა.
-ახალი წელი დადგა! გილოცავთ!
-გილოცავთ, გილოცავთ ყველას, ბედნიერი ახალი წელი ყოფილიყოს!- თბილ, მისალოც სიტყვებს არ იშურებდნენ მეზობლები
და ეხვეოდნენ ერთმანეთს.
-რა სილამაზეა ირგვლივ, რა სინათლეა, თითქოს ღამე განათდა
და ირგვლივ უთვალავი ციცინათელა დაფარფატებს. - თავის გულში ჩუმად ფიქრობდა კოშკურაზე
დადუმებული საათი.
ამ ხმაურსა და აურ-ზაურში ვერავინ შეამჩნია როგორ მიუახლოვდა
მათ ლაბადიანი და ხელჯოხიანი მოხუცი ქალი.
ყველას აინტერესებდა ვინ იყო ეს ქალი, მაგრამ კითხვის დასმას ვერავინ ბედავდა. საათიც
გაიტრუნა.
ქალმა კი ჯერ ხელჯოხი დააგდო ძირს, შემდეგ მოსასხამი
მოიხსნა, წელში გაიმართა და გაიღიმა.
-დედაა! დედიკო!! როგორ მომენატრე! - გაისმა პატარა
გოგონას ხმა, ის ბავშვებისგან განმარტოებით ჩამომჯდარიყო დათოვლილ სკამზე და თითქოს
დიდი სევდა დაჰქონდა დიდრონი შავი თვალებით, ახლა კი სიხარულით აინთო და ათასფრად გაანათა
ახალი წლის გაჩახჩახებული ღამე მისმა ვარსკვლავა თვალებმა.
-ნეტავ შემეძლოს ტირილი, -გაიფიქრა ბებერმა საათმა თავის
გულში, მის მრავლისმნახველ თვალსაც კი არ ენახა ასეთი დიდი ბედნიერება.
-ეს ყველაზე ლამაზი ახალი წელია! - გააგრძელა ფიქრი მან.
მართლაც, ეს როგორი ახალი წელი დადგა ამ შორეულ სოფელში,
პატარა გოგონას ფარული ოცნება ახდა! მას დიდი ხნის უნახავი დედა დაუბრუნდა!
19. 12. 2019
No comments:
Post a Comment