Friday, June 16, 2023

სცენარი მე-3 კლასის გამოშვებისთვის.

 

გაიცანი, ეს შენი საქართველოა!

 

წამყვანი 1

მოგესალმებით, ჩვენ, მესამე ბ კლასის მოსწავლეები, ვამთავრებთ მესამე კლასს და გვინდა გაგვიცნოთ, ჩვენზე იცოდეთ. ჩვენი პატარა წარმოდგენით, გვინდა დაგანახოთ , რომ ჩვენც ისეთივე საამაყო ქართველები ვიზრდებით, როგორიც ჩვენი წინამორბედი თაობები, ჩვენც გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, მისი ტრადიციები, მისი კუთხეების მონახულების სურვილი ჩვენც გვაქვს, ჩვენთვისაც ძვირფასია, გვერქვას - ქართველი.

წამყვანი 2

როდესაც ვფიქრობდით, რა წარმოგვედგინა თქვენთვის, გადავწყვიტეთ, შევხებოდით საკმაოდ ფაქიზ და აქტუალურ თემას - საქართველოდან ემიგრაციაში წასულ ოჯახებს. ამ ოჯახებში ხომ მომავალი ქართველები იბადებიან და იზრდებიან.

ჩვენ მოგიყვებით ერთ ნამდვილ ამბავს, რომელიც ჩვენს თანატოლს გადახდა თავს. ის, ერთ, ლამაზ, ზაფხულს, არდადეგების გასატარებლად ეწვია საქართველოს. ეს მარიას, პირველი ვიზიტი იყო, ჩვენს ლამაზ, თავისებური ტრადიციებით, ცეკვა-სიმღერითა და საოცარი ბუნებით ცნობილ ქვეყანაში.

წამყვანი 3

არა, არ იფიქროთ, რომ იგი უცხოელია და იმიტომ იყო მისთვის ყველაფერი უცხო, ამოუცნობი, საინტერესო და ხანდახანა საშიშიც კი.  ის ქართველია, ქართველი მშობლების შვილი, თუმცა საქართველოდან შორს, უცხო ქვეყანაში დაბადებული და გაზრდილი. იქაური მეგობრები ჰყავს, იმ ქვეყნის ქალაქებს იცნობს, იქაური გარემოა მისთვის ნაცნობი და ახლობელი.

(შემოდის მარია (ჩამოსული ბავშვი) სცენაზე, დაბნეული იხედება აქეთ- იქით მიდის მასთან დეიდაშვილი).

დეიდაშვილი-რატომ ხარ მოწყენილი მარია? როცა კომპიუტერით ვსაუბრობდით, ყოველთვის მხიარული იყავი, შენ მეგობრებთან ერთადაც, ყველა ფოტოში კარგ ხასიათზე ხარ, ახლა კი მოიწყინე, რა არის მიზეზი?

მარია-შენი საუბარი კი მესმის, მაგრამ ქართულად ვერ ვსაუბრობ, ხომ იცი? აქ, აბა, ვის რას გავაგებინებ? სახლში ხომ არ ჩავიკეტები? (ინგლისურად)

დეიდაშვილი- შენ მაგაზე ნუ იდარდებ, მე სულ შენს გვერდით ვიქნები და ყველა ჩემ მეგობარს გაგაცნობ. ერთად ბევრგან წავალთ და სხვებსაც გავიცნობთ, მთავარია, შენ გამხიარულდე. შენი ქართული თავგადასავალი იწყება! მე გპირდები, რომ არდადეგების ბოლოს, შენ ქართულად მშვენივრად ილაპარაკებ.

სკამებზე ერთად სხედან უბნის ბავშვები, სულ 5

დეიდაშვილი და მარია მათთან მიდიან და სხდებიან.

დეიდაშვილი - ბავშვებო, გაიცანით, ჩემი დეიდაშვილი, მარია. მარია პირველადაა საქართველოში და მისთვის ყველაფერი ახალი და საინტერესოა.

ბავშვი 1 - გამარჯობა, მარია, ჩვენ აქ ახლოს ვცხოვრობთ და საღამოობით ასე ვიკრიბებით ხოლმე, ჩვენ ძალიან გვიყვარს ასე ერთად გართობა, ხან სკეიტით, ხან გორგოლაჭებით, შენც შემოგვიერთდი.

ბავშვი 2 - ველოსიპედი გაქვს ? თუ არ გაქვს ჩემსას გათხოვებ, გავისეირნოთ და ახლო-მახლო ქალაქის ქუჩებსაც დაგათვალიერებინებთ. ბავშვი1-ს მიუბრუნდება - შენ შენი სკეიტით წამოდი, ვაჩვენოთ მარიას, როგორი ილეთების შესრულება იცი.

ბავშვი 3 - არ გეზარებათ ქუჩებში ხეტიალი/ ბურთს გამოვიტან და აქვე სტადიონზე შევიდეთ და კალთბურთი ვითამაშოთ. მარია, გიყვარს კალათბურთის თამაში? იცი რა მაგრად ვაგდებ ბურთს კალათში?

ბავშვი 4 - ბავშვი 3-ს შენ და შენი კალათბურთი, კი მართლა კარგად თამაშობ, მაგრამ ვინც შენსავით მაღლები არ ვართ, რა ვქნათ, როგორ გავერთოთ და მარიასაც იქნებ საერთოდ არ მოსწონს კალთბურთი. გადახედავ მარიას - ასე არაა ?

მარია - (იცინის) მომწონს კალათბურთი მაგრამ გორგოლაჭებით სეირნობა მირჩევნია.( ინგლისურად).

ბავშვი 5 - დგება მიდის ეკასთან, ხვევს ხელს და ამბობს - გადაწყდა, გამოვიტანოთ ყველამ ვისაც რა გვაქვს ბორბლებზე და გავისეირნოთ. მე ველოსიპედი ყველაფერს მირჩევნია.

ყველანი ერთად დგებიან და დაბლა ჩამოდიან.

დეიდაშვილი მარიას - მივიდეთ სახლში, მე სკეიტს წამოვიღებ, შენ ჩემი ველოსიპედი წამოიყვანე და შევუერთდეთ ბავშვებს. რას იტყვი, როგორ მოგეწონა ჩემი მეგობრები ?

მარია - ძალიან კარგი და მხიარული ბავშვები არიან. ისინის ჩამოდიან დაბლა.

ამ დროს სცენაზე ადის დიჯეი.

დიჯეი - აბა ვის უნდა ამ საღამოს იცეკვოს? როგორც ვიცი სტუმარი გვყავს უცხოეთიდან, თავი არ შეირცხვინოთ, ვაჩვენოთ, ჩვენც როგორ შეგვიძლია მათი საამაყო ჰიპ-ჰოპის ცეკვა.

ირთვება მუსიკა. დაბლა ჩასული ბავშვები ნახევარწრედ შემოდგებიან, საცეკვაოდ გამოდის თანამედროვე ცეკვების გუნდი, მარია და დეიდაშვილიც უერთდებიან, ასევე, ანიშნებენ და ვისაც სურს, შეუძლია შეუერთდეს. სრულდება ჰიპ-ჰოპი, ბრეიქდანსი, მხატვრული ტანვარჯიშჯის ილეთები.

ცეკვის დასრულების შემდეგ, ამ სცენის ბავშვები  დაბლა, დანარჩენებთან იკავებენ ადგილს. სცენაზე შემოდის ოჯახი : დეიდაშვილის დედა, მამა, ორი სტუმარი გოგონა. სცენაზე ადიან მარია და დეიდაშვილი და სხდებიან მათთან.

მამა - აბა რას იტყვით, როგორ გაატარეთ დრო, მთელი დღე, რომ არ შემოსულხართ სახლში?

მარია -ძალიან მაგარი იყო! (ქართულად)

დეიდაშვილი - მარია ჩემს მეგობრებს გავაცანი, მერე ვისერნეთ და ვიცეკვეთ კიდეც. ძალიან დავიღალეთ. დე, გვშია.

მამა - მე წავალ, დავიძინებ, ხვალ დილით ადრე უნდა ავდგე, სათევზაოდ უნდა წავიდე. თქვენც გემრიელ თევზს მოგიტანთ.

დეიდაშვილი - ჩვენც წაგვიყვანე რაა, მარიას მიუბრუნდება - სათევზაოდ წავიდეთ ?

მარია - კი, წავიდეთ.

დედა - რა გინდათ მდინარეზე, რა გინდათ მდინარეზე, არ სჯობს სახლში დარჩეთ და მე მომეხმაროთ, გემრიელი ხაჭაპურის გამოცხობაში ? მარიას გავცნოთ, როგორია ნამდვილი ქართული კერძები?

სტუმარი გოგონა 1- მარია, იცი, ჩვენი ქართული სამზარეულო, მთელ მსოფლიოში გამორჩეული და განთქმულია, ისეთი კერძები მზადდება, როგორიც სხვაგან არსად, მაგალითად, ლობიო თიხის ქოთანში, ხინკალი, ხაჭაპური, გაგისინჯავს? მარია თავს აქნევს უარის ნიშნად.

სტუმარი გოგონა 2 - ხოდა აქ არ ვართ, ხვალ მოვამზადოთ ნამდვილი ქართული კერძები და ვაჩვენოთ მარიას, როგორია ქართული სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია.

სცენის კიდეზე ჩამომსხდარი არიან ანკესებით ორი მეთევზე ბიჭი.

მათთან მიდიან და ჩამოსხდებიან მამა, დეიდაშვილი და მარია.

მამა - გამარჯობა, ბიჭებო, ნეტავ როგორი დღე გვექნება დღეს?

მეთევზე 1 - როგორ მოხდა, რომ შენ ბავშვები წამოიყვანე?

მამა - ჩემი მეუღლის დისშვილია ჩამოსული უცხოეთიდან, პირველადაა საქართველოში, ვცდილობთ გავაცნოთ აქაურობა.

მეთევზე 1 – ვიდეო(ამ დროს ირთვება ვიდეო ბუნების ხმებით, ჩიტების ჟრიამული, მდინარის ჩუხჩუხი და საქართველოს ხედები) აბა ასეთ ლამაზ ადგილას, როგორ არ უნდა მოგეყვანა? ნახე, რა სილამაზეა, გარშემო ამწვანებული მთები, მდინარის ჩუმი ჩხრიალი, გრილი, სასიამოვნო სიო, ჩიტების ჟრიამული, მარჯვნივ გაიხედავ ხიდი მდინარეზე, მარცხნივ გაიხედავ და - სასწაული, ამომავალი მზე! ხანდახან მგონია, ასე ლამაზად მზე მხოლოდ ჩვენ სამშობლოში ამოდის.

მეთევზე 2 - არ გგონია, მართლა ასეა! ყველა ადამიანისათვის სამშობლო მარტო დაბადების ადგილი კი არაა, სამშობლო ის ჰაერია, ის მიწა, ის წყალი, რომელიც გაცოცხლებს. სამშობლო ის ადამიანები არიან, სულს და გულს რომ გაგითბობენ. სამშობლო ის ადგილია, საიდანაც წასვლა არ მოგინდება, თუ მაინც მოხდა და წახვედი, შენი მთავარი ოცნება უკან დაბრუნება ხდება. გაიხედე, მარია, მინდორს ხედავ? დიდი ხნის წინ, აქ ბრძოლა გაიმართა, ქართველებმა თავისზე ბევრად მეტი მტერი დაამარცხეს და გაიმარჯვეს. მრავალი ასეთი თავდადებული წინაპრის დამსახურებაა, რომ ჩვენ ისევ ქართველები გვქვია.

ყველა ჩუმდება.

მეთევზეები ჩამოდიან დაბლა. მამა, მარია, დეიდაშვილი, ბრუნდებიან დედასთან.

წამყვანი 4 ადის სცენაზე - მარია, პატარა გოგონა, სულ რამდენიმე დღის ჩამოსული საქართველოში, ფიქრობდა, რომ ერთდროულად ორ განსხვავებულ სამყაროში აღმოჩნდა - პირველი, ისეთი იყო, როგორიც მასთან უცხოეთში, ხოლო მეორე - სულ სხვანაირი ჩანდა. მარიას ის მეორე, უცნობი საქართველო უფრო საინტერესო მოეჩვენა და უფრო მეტი გაგება მოუნდა სამშობლოზე. ასე ფაქიზად რომ წარმოთქვამდნენ ხოლმე მისი მშობლებიც და ხანდახან ცრემლი წამოუვიდოდათ.

მარიასთან მიდის დეიდაშვილი 2.

დეიდაშვილი 2 - სოფლიდან დამირეკეს, ხვალ უნდა წავიდე, მარიაც წამოვიდეს ჩემთან ერთად, ვაჩვენებ როგორები  არიან ნამდვილი, უშუალო  ადამიანები, როგორია ჩვენი სოფელი, როგროც ვიცი კონცერტიც იგეგმება.

მარია - ძალიან მინდა წამოსვლა, ცხენებსაც ვნახავთ? ( ქართულად)

დედა - რა კარგია მარია, ხედავ, შენ უკვე დაიწყე ქართულად საუბარი!

დაბლა ჩამოდიან ოჯახის სცენის მონაწილეები. ადიან ავტობუსის ხალხი - მძღოლი და სამი მგზავრი მათთან სხდებიან მარია და დეიდაშვილი 2.

მძღოლი - მალე გავალთ, ვინც მოდის დაიკავეთ ადგილები, ხომ იცით გრძელი გზა გვაქვს გასავლელი. მარიას გადახედავს  და დეიდაშვილი 2ს ეკითხება - ეს ვინაა? არ მეცნობა.

დეიდაშვილი 2 - ჩემი ნათესავია, უცხოეთიდანაა ჩამოსული სტუმრად და მომყავს სოფელში.

მგზავრი 1 - ქართული ლაპარაკი თუ იცის? სოფელში რომ მოგყავს, ის რა უნდა გააკეთოს ?(ჩაიცინებს)

მგზავრი 2 - ისე რა საინტერესოა, როგორ უნდა გავაგებინოთ რამე?

დეიდაშვილი 2 - ქართული ლაპარაკი ესმის, მაგრამ თვითონ კარგად ვერ საუბრობს ქართულად.

მგზავრი 1 - თავიდანვე ვერ თქვი? მარიას - რა გქვია? იცი სოფელში რომ ავალთ, ჩემთან წამოდი, რამე საინტერესო ფილმს ვუყუროთ, თან ბატიბუტი მივირთვათ.

მგზავრი 3 - კარგი, რა ფილმი. ფილმები, ტელევიზორები და კომპიუტერები ყელში ექნება ამოსული, სადაც ცხოვრობს იქაც. მე ვფიქრობ უკეთესია, ყველა ერთად, თუ წავალთ ცხენებით სასეირნოდ, უფროსებს ვუთხრათ და დაგვეხმარებიან.

მარია - ჩემი ოცნებაა ცხენზე ჯდომა ვისწავლო.

მგზავრი 3 - ხოდა ძალიან კარგი! იცი ქართველები ოდითგანვე საუკეთესო მხედრები იყვნენ. ბრძოლაში თუ მშვიდობაში, არამარტო კაცები და ქალებიც. ერთი ქართული ფილმია - მაია წყნეთელი, შენ ალბათ არ გექნება ნანახი, ერთად ვუყუროთ. იქაა, როგორი მამაცები იყვნენ ქართველი ქალები და ნახავ, როგორ თამამად დააჯირითებდნენ ცხენებს.

მგზავრი 1 - მე მეშინია ცხენზე ჯდომის, რომ გადმოვვარდე? მაგრამ არა უშავს მეც წამოვალ და ჩემს სახატავ იარაღებს წამოვიღებ. ბუნების ლამაზი პეიზაჟების დახატვა, ყოველთვის ძალიან მიყვარდა.

მგზავრი 2 - მარია, ხომ არ შეგაშინეს გოგოებმა? ისინი ძალიან უშუალო და მეგობრულები არიან ჩვენთან, სოფელში ასეთი გამოთქმა გვაქვს - „სტუმარი ღვთისაა“ - ეს ნიშნავს, რომ როდესაც სტუმარი გვეწვევა, რაც კი რამ საუკეთესო გვაქვს გადანახული, მისთვის გვინდა. საჭმელ-სასმელი იქნება ეს თუ რაიმე სხვა. სტუმარის პატივისცემაზე, ნაწარმოებებიც კი გვაქვს მიძღვნილი. ჩვენთან სტუმრისთვის კარი ყოველთვის ღიაა.

მძღოლი - თქვენ საუბარში მეც ჩავერთვები გოგონებო და გეტყვით, რომ ისეირნებთ, სტუმართან და უფროსებთან ერთან, მეწვიეთ, ვაჩვენოთ გოგონას ნამდვილი ქართული სუფრა.

ყველანი ჩამოდიან დაბლა. სცენაზე ადის სახალხო ცეკვების კონცერტის წამყვანი.

კონცერტის წამყვანი - დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, იმისათვის, რომ ვნახოთ როგორ შეუძლია თანამედროვე თაობას, ტრადიციული ქართული ხელოვნების - ცეკვის, სიმღერის შესრულება. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ თანამედროვე ბავშვებზე ამბობენ ტელეფონის გარდა არაფერი აინტერსებთ, ყველაფერი უცხოური მოსწონთ  და ქართულს პატივს არაფერს სცემენო, ჩვენი ღონისძიებით კი გვინდა დაგარწმუნოთ საპირისპიროში, რომ მიუხედავად ჩვენი გარეგნობისა და ჩაცმულობისა, ჩვენც ისევე გვიყვარს ქართული ცეკვა-სიმღერა, როგორც თქვენ გიყვარდათ და გიყვართ. ჩვენ გავიზრდებით, ქვეყნის ფარგლებს გავცდებით და მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ როგორი განსაკუთრებულია ჩვენი ფოლკლორი. ახლა კი წარმოგიდგენთ ჩვენ ახალგაზრდებს.

სცენის ქვემოთ გამოდიან ქართულის მოცეკვავე ჯგუფის წევრები. ირთვება აჭარული. აჭარულს ცეკვავენ თანამედროვედ ჩაცმული ბავშვები.

აჭარულის შემდეგ, სცენაზე ააქვთ გაშლილი სუფრით მაგიდა. გარშემო სხდებიან მასპინძელი (მძღოლი) და მისი ოჯახის წევრები: 1 გოგონა და 3 ბიჭი.

შემოდიან დეიდაშვილი2 მარია.

დიასახლისი - მობრძანდით, ძალიან მიხარია თქვენი სტუმრობა.

მარია - კეთილი იყოს ჩემი ფეხი.

დიასახლისი- გადაეხვევა, მადლობა, ჩემო კარგო. მოდი, მოდი არ მოგერიდოს. სტუმარი ყველაზე მთავარია, მიმართავს მაგიდასთან მსხდომებს - აბა თქვენ იცით, გოგონები არ დამიჩაგროთ. მე ახლავე მოვალ.

მარია- გადახედავს სუფრას, ნუცას ეკითხება- რამდენი რამეა, სულ უნდა შევჭამოთ?- ეკას პასუხობს სუფრის წევრი 1.

სუფრის წევრი 1 - ქართული სუფრა, სწორედ იმითაა განსაკუთრებული, რომ იქ ყოველთვის ბევრი, ერთმანეთისგან განსხვავებული საჭმელია და ყველაფერი ძალიან გემრიელი. კი, სტუმარმა ყველაფერი უნდა გასინჯოს და შეაფასოს, ჩვენ ხომ უნდა ვიცოდეთ, რა მოეწონა და რა არა. სუფრაზე ყველა გაიცინებს.

სუფრის წევრი 2 - ახლა კი სერიოზულად, მივყვეთ ქართული სუფრის ტრადიციას და თამადას გადავულოცოთ სუფრის გაძღოლა. ნიკოლოზ, შენ გნიშნავ თამადად, აბა შენ იცი!

თამადა - მადლობა, 1-ლი სადღეგრძელო.(უფლის სადიდებელი) ვადიდოთ უფალი! მისი მფარველობა და შემწეობა ამ ოჯახს და სრულიად საქართველოს!

სუფრის წევრი 1 -  ასეა, ქართველი ლუკმას ისე არ შეჭამდა, პირველ რიგში უფლისთვის რომ არ გადაეხადა მადლობა. არც ჩვენ დავივიწყოთ და ჩვენ შთამომავლობასაც გადავცეთ.

თამადა - მე-2 სადღეგრძელო - (საქართველოს სადღეგრძელო). სამშობლო ყველას უყვარს ამქვეყნად, ეს ქართველთა პრივილეგია სულაც არ არის, მაგრამ მაგიდასთან ამ სიყვარულის გულწრფელად და ლამაზად გამოხატვის აუცილებლობა მხოლოდ ჩვენი, ამ მადლიანი და მრავალტანჯული მიწის შვილთა თვისებაა. მაშ, გაუმარჯოს, ამ მადლიან და მრავალტანჯულ მიწას! გაუმარჯოს, დღეს დასუსტებულ, მაგრამ სულ მალე ფენიქსივით საკუთარი ფერფლიდან აღმდგარსა და აფრენილ საქართველოს!

„ქარი გიმღერის ნანასა, ზღაპარს გიამბობს ჭადარი,

ძეწნამ ალერსით ამავსო ეჭვებით ნაავადარი...

მინდვრები, ქართლის მინდვრები, ქედები მხარგაშლილები.

მთაში მზე დანაბინდები, ტყეში ქორბუდა ირმები.

საქართველოო, ლამაზო, სხვა საქართველო სად არის?!“

მარია  - (დიასახლისს), აქ ყველაფერი მართლ რა გემრიელია, ყველაფერი პირველად გავსინჯე და ვფიქრობ, რომ ამის შემდეგ გამიჭირდება, რაიმეს გემრიელი ვუწოდო.

დიასახლისი - ეს იმიტომ, რომ ქართული ჰაერი, ქართული წყალი ქმნის განსაკუთრებულს ყველაფერს, თორემ მომზადებით, შესაძლოა ყველგან ერთნაირად მზადდებოდეს. არ დაგვივიწყო, აქ ყოველთვის სიხარულით მიგიღებთ.

ყველა ჩამოდის დაბლა. სცენაზე ადის წამყვანი 5.

წამყვანი 5 - მარიას არდადეგები დასრულდა და ის აეროპორტში ახალშეძენილმა მეგობრებმა გააცილეს. თვითმფრინავის ილუმინატორიდან ჩანდა კავკასიონის დათოვლილი მთების გრძელი ჯაჭვი, თვითმფრინავის სალონში ისმოდა ქართული გადაძახილ-გადმოძახილი და მარია ფიქრობდა, რომ ძალიან მალე დაბრუნდებოდა უკან. მას არსად არ უგრძვნია თავი ისე კარგად, როგორც სამშობლოში.

მაინც რა ყოფილა სამშობლო? მარტო რუკის ნაწილი, სადაც დაიბადე? არა, ის რაღაც სხვა ყოფილა, ისეთი, რაც ძალიან ღრმად, გულამდე აღწევს, სამუდამოდ იქ რჩება  და მუდმივად უკან დასაბრუნებლად ექაჩება გულს.

ყველა ადის სცენაზე, ჩაკიდებენ ხელს და მღერიან „საით მიდიან ნეტავ“.

Thursday, December 19, 2019

მოთხრობა "ყველაზე ლამაზი ახალი წელი"


ყველაზე ლამაზი ახალი წელი
საღამოა, ზამთრის პირქუში საღამო. ერთ ძველ სოფელში სიჩუმეს დაუსადგურებია, სოფლის მაცხოვრებლები თავ-თავიანთ სახლებში შეკეტილან და დათოვლილ ქუჩებში ჩამი-ჩუმი არ ისმის. ნამდვილად არის კი ხალხი ამ სოფელში? კი, არის, ამაზე კი საახალწლოდ მორთულ-მოკაზმული სახლებიდან გამოსული სინათლე მოწმობს. ირგვლივ ძაღლის ყეფაც არ ისმის, მზრუნველ პატრონებს ისინიც შინ, თავისთან ჰყავთ შეყვანილი, სითბოსა და სინათლეში. არადა, არ არის ეს ჩვეულებრივი საღამო, ამ ღამით ახალი წელი დგება! ეჰ, ყველაზე მაღალ კოშკურაზე მოწიკწიკე საათს ახსოვს დრო, როდესაც სოფლის ქუჩები თბილად ჩაცმული ბავშვების ჟრიამულს ვერ იტევდა, მაცხოვრებლები კი გაღიმებული სახეებით ერთიმეორესთან გადარბოდნენ, არიქა, საახალწლო სამზადისისთვის არაფერი დაეკლოთ. ახლა კი, დუმს ქუჩები და საათი სიმარტოვეშია, მასაც რომ მობეზრდეს და შეწყვიტოს წიკწიკი, სოფელში ისეთი სიჩუმე გაბატონდება, რომ შესაძლოა ახალმა წელმა იფიქროს, აქ მაინც აღარავინ ცხოვრობსო და გადაიფიქროს შემოსვლა.
- მაგრამ, არა, მოიცა, ეს თოვლის ჭრაჭუნის ხმა არაა? ესე იგი ვიღაც მოდის! - ნეტავ ვინ უნდა იყოს? კოშკურის საათი ინტერესმა იმდენად შეიპყრო, რომ ისრების წინ წაწევა, კინაღამ დაავიწყდა.
თეთრ ქათქათა თოვლში მკაფიოდ გამოჩნდა თავიდან ფეხებამდე შავ ლაბადაში გახვეული, ხელჯოხს დაყრდნობილი მოხუცი ქალი. იგი ნელი ნაბიჯით მოდიოდა გაუკვალავ თოვლში. უცებ, ქუჩის ბოლოს მდგარ სახლთან შეჩერდა და ხელჯოხით კარზე დააკაკუნა. კარი პატარა, თვალებციმციმა ბიჭმა გაუღო; მას უკან დიასახლისი მოჰყვა და მკაცრი ხმით უკან შეაბრუნა შვილი: - ხომ გითხარი, უცხოებს კარი არ გაუღო! შედი ახლავე სახლში!- პატარა ბიჭი თავჩაღუნული შევიდა შინ. დიასახლისმა ამრეზით შეათვალიერა კარს მომდგარი უცნობი და კარის მიხურვა დააპირა. ქალმა კარის მიხურვის საშუალება არ მისცა და დაბალი, წყნარი ხმით უთხრა : ახალ წელს გილოცავ შვილო! ძალიან მშია, შეგიძლია რამით გამიმასპინძლდე?
დიასახლისი შეყოვნდა, მაგრამ მოხუცი მაინც შეიპატიჟა: - მობრძანდი, მიირთვი!
- არა შინ არ შემოვალ, თუ რამე გემეტება ჩემთვის, პატარა მაგიდით გარეთ, აქ გამომიტანე! - იყო მოხუცი ქალის პასუხი.
დიასახლისი სახლში შევიდა თუ არა, მოხუცი მის სახლს მოშორდა და მეზობლად მდგარი ლამაზი სახლისაკენ გადაინაცვლა.
-ვინ ხარ და რა გინდა? - არს ისე სასიამოვნო განწყობა ეხატა სახეზე ამ სახლის ქალბატონს.
-ძალიან მშია, თუ რამე გაქვს შეგიძლია დამაპურო? - გაისმა ისევ მოხუცის საცოდავი, დაბალი ხმა.
-შემოდი და გაჭმევ რამეს. - დაირცხვინა დიასახლისმა, - ახალ წელს კარს მომდგარ ადამიანს ვერ უთხრა მკაცრი უარი.
-აქ დაგელოდები, თუ გემეტება რამე, აქ გამომიტანე. - მოხუცი არც მას შეჰყვა სახლში.
დიასახლისის სახლში შესვლისთანავე უცნობმა ქალმა მესამე სახლთან გადაინაცვლა და ახლა ამ კარზე დააკაკუნა თავისი ხის ჯოხით’.
-ვინ არის ამ ახალი წლის ღამეს, თქვენ სახლში ვერ შეხვდებით ახალ წელს? ხალხის შეწუხება რა ამბავია?
-ძალიან ცუდად ვარ, ამ ახალი წლის ღამით ნუ მომკლავ შიმშილით, იქნებ გამიმასპინძლდე რამით?- კიდევ უფრო საცოდავად ჟღერდა ქალის ხმა.
- აქ გაჩერდი, რამეს მოგაწოდებ! - შეუვალი იყო დიასახლისის ხმა. მოხუცის თვალწინ კიდევ ერთი კარი მიიხურა. ასე მოიარა მოხუცმა რამდენიმე ერთმანეთის მეზობლად მდგომი სახლი, არსად შევიდა, ყველას მხოლოდ გარეთ ორიოდე ლუკმის გამოწოდება სთხოვა. შემდეგ კი გზა გააგრძელა და თვალს მიეფარა.
ამასობაში კი მოხუცისათვის მისართმევი ლანგრით ხელდამშვენებული დიასახლისები ერთმანეთის მიყოლებით გამოვიდნენ სახლიდან და ამაოდ ეძებდნენ მოხუცს.
-ჩემთან ერთი ქალი იყო მოსული, შიოდა, ნეტავ სად გაქრა?-წამოიწყო საუბარი იმან, ვის სახლთანაც პირველი მივიდა მოხუცი.
-ჩემთანაც იყო ერთი საცოდავი ქალი, საჭმელი გამოვუტანე, მაგრამ არ ჩანს. - გააგრძელა მეორემ.
-მე კარებთან მელოდებოდა ერთი მათხოვარი, უნდა მიმეცა ლუკმა, მაგრამ არ ჩანს. - თავისი განწყობა გამოავლინა უცნობი მოხუცისადმი მესამემ.
კოშკურიდან მომზირალმა საათმა იგრძნო, რომ რაღაც საინტერესო უნდა მომხდარიყო.
გარეთ გამოსულ დიასახლისებს შინ შესვლა რომ შეაგვიანდათ, მეუღლეებმა გამოაკითხეს, გარეთ კი ერთმანეთს გაუბეს ლაპარაკი;.
-რა ლამაზი ღამეა, ახალი წლის შესაფერი, როგორ უხდება თოვლი ჩვენს სოფელს!- აღფრთოვანდნენ მეზობლები.
-მართალი ხარ ასეთი მშვენიერი ახალი წლის ღამეა ჩვენ კი სახლიდან გარეთ გამოსვლაც არ გვინდოდა - კვერი დაუკრეს ერთმანეთს.
-საახალწლო დღესასწაული აქვე, ერთად ხომ არ მოვაწყოთ? - იდეა გაუჩნდა ვიღაცას.
-რატომაც არა, რატომაც არა.- ახმაურდნენ სოფლის მაცხოვრებლები. ალბათ იგრძნეს, რომ ასე ერთად ახალი წლის შეხვედრა გაცილებით სახალისო იქნებოდა, ამიტომაც შინ შებრუნება აღარავის უფიქრია. მალე მათ ოჯახის სხვა წევრებიც შემოუერთდნენ, ვის რომელი ღვინო მოჰქონდა - ახალი წელი ხომ უნდა დაელოცათ? ბავშვებმა თავად მოიფიქრეს - გამორთეს ტელევიზორები და კომპიუტერები , თბილად ჩაიცვეს და უფროსებს გამოჰყვნენ გარეთ.
ატყდა ერთი ჟივილ-ხივილი, ერთმანეთის გადაძახილი, ჭიქების ჭახუნი. მაგრამ არსად ჩანდა მოხუცი ქალი, რომელმაც შეძლო და ეს სახლებში თბილად მოკალათებული ხალხი გარეთ გამოიყვანა და ერთმანეთს შეახვედრა..
ცამ იგრძნო, რომ დრო იყო და წამოვიდა ფიფქები, ბებერმა საათმა იგრძნო რომ დრო იყო და ისე ომახიანად, როგორც არასდროს, აახმაურა თავისი გული როდესაც საათის ისრების 12- თან შეერთდა.
-ახალი წელი დადგა!  გილოცავთ!
-გილოცავთ, გილოცავთ ყველას, ბედნიერი ახალი წელი ყოფილიყოს!-  თბილ, მისალოც სიტყვებს არ იშურებდნენ მეზობლები და ეხვეოდნენ ერთმანეთს.
-რა სილამაზეა ირგვლივ, რა სინათლეა, თითქოს ღამე განათდა და ირგვლივ უთვალავი ციცინათელა დაფარფატებს. - თავის გულში ჩუმად ფიქრობდა კოშკურაზე დადუმებული საათი.
ამ ხმაურსა და აურ-ზაურში ვერავინ შეამჩნია როგორ მიუახლოვდა მათ ლაბადიანი  და ხელჯოხიანი მოხუცი ქალი. ყველას აინტერესებდა ვინ იყო ეს ქალი, მაგრამ კითხვის დასმას ვერავინ ბედავდა. საათიც გაიტრუნა.
ქალმა კი ჯერ ხელჯოხი დააგდო ძირს, შემდეგ მოსასხამი მოიხსნა, წელში გაიმართა და გაიღიმა.
-დედაა! დედიკო!! როგორ მომენატრე! - გაისმა პატარა გოგონას ხმა, ის ბავშვებისგან განმარტოებით ჩამომჯდარიყო დათოვლილ სკამზე და თითქოს დიდი სევდა დაჰქონდა დიდრონი შავი თვალებით, ახლა კი სიხარულით აინთო და ათასფრად გაანათა ახალი წლის გაჩახჩახებული ღამე მისმა ვარსკვლავა თვალებმა.
-ნეტავ შემეძლოს ტირილი, -გაიფიქრა ბებერმა საათმა თავის გულში, მის მრავლისმნახველ თვალსაც კი არ ენახა ასეთი დიდი ბედნიერება.
-ეს ყველაზე ლამაზი ახალი წელია! - გააგრძელა ფიქრი მან.
მართლაც, ეს როგორი ახალი წელი დადგა ამ შორეულ სოფელში, პატარა გოგონას ფარული ოცნება ახდა! მას დიდი ხნის უნახავი დედა დაუბრუნდა!

19. 12. 2019

Monday, December 16, 2019

საახალწლო ღონისძიების სცენარი (როლებით) "ყველაზე ლამაზი ახალი წელი"


დეკორაციები - სცენის ფარდებზე თოვლის ფიფქები, სახლების ფასადები, განათებული ფანჯრებით, თეთრი ღობეები, მაღალი კოშკურა მრგვალი საათით, დაბლა სცენაზე თეთრი ქაღალდი ან ქსოვილი ან ბამბა (თოვლთან მიმსგავსებული), სკამები ფანჯრისკენ ნახევარწრედ.

სახლებიდან სინათლე გამოდის, სიჩუმეა. სახლებს უკან არის ბავშვების გარკვეული რაოდენობა, ზოგი სკამებზე ზის სცენის განაპირას (წამყვანები).
1ლიზი ბარბაქაძე წამყვანი 1 - ზამთრის პირქუში საღამოა. სოფლის მაცხოვრებლები თავიანთ სახლებში არიან შეკეტილი და დათოვლილ ქუჩებში ჩამი-ჩუმი არ ისმის. სოფელში რომ ნამდვილად არის ხალხი, ამას მხოლოდ საახალწლოდ განათებული სახლების ფანჯრები მოწმობს. ძაღლის ყეფაც კი არ ისმის, მზრუნველმა პატრონებმა ისინიც შინ შეიყვანეს და სითბოსა და სინათლეში ყავთ, თავისთან.
2დავით გრიგალაშვილი წამყვანი 2 - არადა, არ არის ეს ჩვეულებრივი საღამო, ამ ღამით ახალი წელი დგება! ეჰ, ყველაზე მაღალ კოშკურაზე მოწიკწიკე საათს ახსოვს დრო, როდესაც სოფლის ქუჩები თბილად ჩაცმული ბავშვების ჟრიამულს ვერ იტევდა, მაცხოვრებლები კი გაღიმებული სახეებით ერთიმეორესთან გადარბოდნენ, არიქა, საახალწლო სამზადისისთვის არაფერი დაეკლოთ.
3მარიამ ჩადუნელი წამყვანი 3 - ახლა კი, დუმს ქუჩები და საათი სიმარტოვეშია, მასაც რომ მობეზრდეს და შეწყვიტოს წიკწიკი, სოფელში ისეთი სიჩუმე გაბატონდება, რომ შესაძლოა ახალმა წელმა იფიქროს, აქ მაინც არავინ ცხოვრობსო და გადაიფიქროს აქ შემოსვლა. - მაგრამ, არა, მოიცა (მიაყურადებს), ეს თოვლის ჭრაჭუნის ხმა არაა? ესე იგი ვიღაც მოდის (ყურზე ხელს მიიდებს და მიტრიალდება იქით, საიდანაც მოხუცი მოდის).
შემოდის ტანზე გრძელი ლაბადით, ხელში ჯოხით, თავზე ქუდით მოხუცი, უცნობი ქალი.
4ლუკა ხარშილაძე წამყვანი 4 - ნეტავ ვინ უნდა იყოს? კოშკურის საათი ინტერესმა იმდენად შეიპყრო, რომ ისრების წინ წაწევა, კინაღამ დაავიწყდა.
მოხუცი შედგება პირველი სახლის კართან და დააკაკუნებს ჯოხით. კარს გააღებს ბავშვი და გაუცინებს, უკან მოჰყვება დედა, რომელიც მკაცრი ტონის ეუბნება:
5მარიამ ხაჩატურივი 1 მეზობელი - (მკაცრად) ხომ გითხარი, უცხოებს კარი არ გაუღო! შედი ახლავე სახლში! (დააპირებს კარის მოხურვას, მაგრამ მოხუცი ხმამაღლა შეაჩერებს:
6თეკლა საღრიშვილი მოხუცი - ახალ წელს გილოცავ შვილო! ძალიან მშია, შეგიძლია რამით გამიმასპინძლდე?
მარიამ ხაჩატურივი1 მეზობელი - მობრძანდი, მიირთვი!
თეკლა საღრიშვილი მოხუცი - არა შინ არ შემოვალ, თუ რამე გემეტება ჩემთვის, პატარა მაგიდით გარეთ, აქ გამომიტანე!
მეზობელი შინ შევა.
მოხუცი ახლა მეზობელ სახლთან გადავა და იქაც დააკაკუნებს.
7ლანა გელაშვილი2 მეზობელი - (გაბრაზებული) ვინ ხარ და რა გინდა?
თეკლა საღრიშვილი მოხუცი - ძალიან მშია, თუ რამე გაქვს შეგიძლია დამაპურო?
ლანა გელაშვილი 2 მეზობელი - შემოდი და გაჭმევ რამეს.
თეკლა საღრიშვილი მოხუცი - აქ დაგელოდები, თუ გემეტება რამე, აქ გამომიტანე.
დიასახლისი აქაც შინ შებრუნდება.
მოხუცი მესამე სახლთან მივა, აკაკუნებს.
8ანასტასია ორმოცაძე 3 მეზობელი - ვინ არის ამ ახალი წლის ღამეს, თქვენ სახლში ვერ შეხვდებით ახალ წელს? ხალხის შეწუხება რა ამბავია?
თეკლა საღრიშვილი მოხუცი - (საწყლად) ძალიან ცუდად ვარ, ამ ახალი წლის ღამით ნუ მომკლავ შიმშილით, იქნებ გამიმასპინძლდე რამით?
ანასტასია ორმოცაძე 3 მეზობელი - აქ გაჩერდი, რამეს მოგაწოდებ! (შედის სახლში)
მოხუცი გზას გააგრძელებს და სცენის ბოლოში ნაძვის ხეებთან მიიმალება.
პირველი, მეორე და მესამე მეზობლები ერთმანეთის მიყოლებით გამოდიან პატარა მაგიდებით ხელში, ზედ საახალწლო ნუგბარით და დაბნეულები იყურებიან აქეთ-იქით. ერთმანეთს გადაულაპარაკებენ.
მარიამ ხაჩატურივი1 მეზობელი - ჩემთან ერთი ქალი იყო მოსული, შიოდა, ნეტავ სად გაქრა?
ლანა გელაშვილი 2 მეზობელი - ჩემთანაც იყო ერთი საცოდავი ქალი, საჭმელი გამოვუტანე, მაგრამ არ ჩანს.
ანასტასია ორმოცაძე 3 მეზობელი - მე კარებთან მელოდებოდა ერთი მათხოვარი, უნდა მიმეცა ლუკმა, მაგრამ არ ჩანს.
9დაჩი ნონიაშვილი წამყვანი 4 - საათი კოშკურიდან უკვე დიდი ინტერესით იყურებოდა და ელოდა თუ რა მოხდებოდა შემდეგ, და აი რა მოხდა:
მეზობლები მაგიდებს აერთებენ ერთმანეთთან.
 10ილია გოგალაძე 1 მეზობელი - ნიკოლოზ გელაშვილი 2 მეზობელს: რა ლამაზი ღამეა, ახალი წლის შესაფერი, როგორ უხდება თოვლი ჩვენს სოფელს!
11ნიკოლოზ გელაშვილი 2 მეზობელი - მართალი ხარ ასეთი მშვენიერი ახალი წლის ღამეა ჩვენ კი სახლიდან გარეთ გამოსვლაც არ გვინდოდა.
მათთან მიდის 3 მეზობელი - ანასტასია ორმოცაძე  აბა დავიწყოთ საახალწლო ნადიმი?
 1 სიმღერა - მთებს თოვლიან მთებს!  https://www.youtube.com/watch?v=_uBPhssqlNI&fbclid=IwAR3TWMngvX81Xx_WGSHhY4aind8TNTyeFucz9785uzh1KT5WoPuPMgJr-oU
მაგიდების ირგვლივ სკამებზე სხდებიან სოფლის მაცხოვრებლები.
12დათა ზაზიკაშვილი წამყვანი 5 - სოფლის მაცხოვრებლებმა იგრძნეს, რომ ასე ერთად ახალი წლის შეხვედრა გაცილებით სახალისო იქნებოდა, ამიტომაც შინ შებრუნება აღარავის უფიქრია.
13გაბრიელი წამყვანი 6 - მალე დიასახლისებს ოჯახის სხვა წევრებიც შემოუერთდნენ, ვის რომელი ღვინო მოჰქონდა - ახალი წელი ხომ უნდა დაელოცათ? ბავშვებმა თავად მოიფიქრეს - გამორთეს ტელევიზორები და კომპიუტერები , თბილად ჩაიცვეს და უფროსებს გამოჰყვნენ გარეთ.
14დემეტრე ტარიელაშვილი წამყვანი 7 - ატყდა ერთი ჟივილ-ხივილი, ერთმანეთის გადაძახილი, ჭიქების ჭახუნი. (ამ დროს მაგიდასთან მსხდომები ერთმანეთს უჭახუნებენ ჭიქებს.)მაგრამ არსად ჩანდა მოხუცი ქალი, რომელმაც შეძლო და ეს სახლებში თბილად მოკალათებული ხალხის გარეთ გამოიყვანა ერთმანეთს შეახვედრა..
15ანი ადუაშვილი წამყვანი 8 - ცამ იგრძნო, რომ დრო იყო და წამოვიდა ფიფქები, ბებერმა საათმა იგრძნო რომ დრო იყო და ისე ომახიანად, როგორც არასდროს, აახმაურა თავისი გული (ამ დროს გაისმის საათის გუგუნის ხმა), როდესაც საათის ისრების 12- თან შეერთდა.
მაგიდასთან მსხდომები წამოდგებიან ჭიქებით ხელში
16აკაკი ლომსაძე 4 მეზობელი - ახალი წელი დადგა!  გილოცავთ!
17სანდრო კიკაძე 5 მეზობელი - გილოცავთ, გილოცავთ ყველას, ბედნიერი ახალი წელი ყოფილიყოს!
18ნიკოლოზ ხვედელიძე 6 მეზობელი - რა სილამაზეა ირგვლივ, რა სინათლეა, თითქოს ღამე განათდა და ირგვლივ უთვალავი ციცინათელა დაფარფატებს.
მოპირდაპირე მხრიდან გამოდის მოსასხამიანი ქალი, უცბად ყველა გაჩუმდება და ელოდება, დასხდებიან თავ-თავიანთ ადგილებზე.
19ნინი ლომიძე წამყვანი 9 - ყველას აინტერესებდა ვინ იყო ეს ქალი, მაგრამ კითხვის დასმას ვერავინ ბედავდა. საათიც გაიტრუნა. (ქალი მაგიდის განაპირას მსხდომი ქალის კაცისა და პატარა გოგონასაკენ წავა და მოსასხამს ნელ-ნელა მოიხსნის, ჯოხს ძირს დააგდებს და წელში გაიმართება).
20ნანიკო გელაშვილი გოგონა - (წამოხტება გახარებული და ჩაეხუტება ქალს) დედაა! დედიკო!! როგორ მომენატრე!
21ელენე სახვაძე წამყვანი 10 - თურმე მოხუცი ქალი, პატარა ანაბელის დედიკო ყოფილა, დედას და შვილს ერთმანეთი რამდენიმე წელი არ ენახათ და ახლა მათ სიხარულს საზღვარი არ ქონდა!
22რატი ხაჩიძე წამყვანი 11 - ეს როგორი ახალი წელი დადგა ამ ლამაზ სოფელში, პატარა გოგონას ფარული ოცნება ახდა! თქვენც აგხდენოდეთ საუკეთესო საახალწლო ოცნებები და სურვილები!
2 სიმღერა - ფიფქებო
მეორე ნაწილი
მე - ჩვენი პატარები აღარც ისე პატარები აღარ არიან, ამიტომ ბევრი კითხვა დაუგროვდათ ახალ წელთან დაკავშირებით, დღეს ამ კითხვებს ყველას თვალწინ დაუსვამენ საკუთარ დედიკოებს. დედიკოებო მოემზადეთ, ყველაზე ჩამჭრელ კითხვებს უნდა უპასუხოთ!


მოსწავლეების მიერ მოფიქრებული კითხვები და მათზე მშობლების სახალისო პასუხები.

Sunday, December 8, 2019

სასწავლო პროექტი - "ჩვენ ვწერთ ზღაპარს", მე-2 კლასი, ქართული ენა

სასწავლო პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოიფიქრეს ზღაპრის პერსონაჟები, ზღაპრის სათაური და სიუჟეტი. თითოეული მოსწავლე ასახელებდა სიუჟეტის ხაზის მისეულ გაგრძელებას. საბოლოოდ, მივიღეთ დასრულებული ზღაპარი :"თაგვი, ლომი და ძაღლი", ამბავი მეგობრობის და სიკეთის გამარჯვებისა.
თავიანთი შეთხზული ამბავი ლამაზი კალიგრაფიით, ნაწილ-ნაწილ დაწერეს და დიდი ფორმატის ქაღალდზე გაამთლიანეს, შექმნეს პექსონაჟების ილუსტრაციებიც.



Wednesday, September 11, 2019

მოთხრობა - თქვენ მე შეგაფასეთ, მასწავლებელო!


თქვენ მე შეგაფასეთ, მასწავლებელო!

ავტორი : ნინო მჭედლიშვილი

დილა გათენდა. რამდენ რამეს შეცვლის ეს დილა მის ცხოვრებაში, თითქოს ახალი ცხოვრება იწყება, თითქოს დაეშვა ღრუბლებიდან და რეალობის სქელ შუშას პირდაპირ  შუბლით შეასკდა. რამდენი უოცნებია მომავალზე, როგორ აიწყობდა კარიერას დიდ, პრესტიჟულ საერთაშორისო ორგანიზაციაში, იცხოვრებდა ქალაქის საუკეთესო უბანში და იქნებოდა თაყვანისმცემლებით გარშემორტყმული. მაგრამ არა, რეალობამ აიძულა შეეწყვიტა ფრენა და ესწავლა, ესწავლა, როგორ მდგარიყო მიწაზე მყარად.

ვინ არის იგი? იგი ერთი ჩვეულებრივი გოგონაა დიადი ოცნებებით. დაიბადა, როგორც ყველა. გაიზარდა საქართველოს დასავლეთ რეგიონში, მდინარის პირას მდებარე, ლამაზ სოფელში. თავის სოფელზე ლამაზი ადგილი არსად ეგულებოდა, სტუმრად სადაც არ უნდა წასულიყო, გული ყოველთვის იქით უხმობდა, ენატრებოდა თავისი მდინარის ხმაც კი. საძინებლის ფანჯრიდან გამოჩენილი ცის ნაგლეჯი, ბუმბერაზი მთა რომ ფარავდა, სხვაგან მყოფს - ესიზმრებოდა. დილის ჩიტების მხიარული მოძახილი ყურში ჩაესმოდა და მუდამ გულით დაატარებდა. უყვარდა, ძალიან უყვარდა თავისი წილი სამყარო. სახელიც როგორი ერქვა?! ქართული მითოსიდან, ტყის, ცხოველების მფარველი ქალღმერთის სახელი - დალი. ეხუმრებოდნენ, ალბათ შენ გგავდაო დალი. გრძელ, ოქროსფერ თმასა და ზღვასავით მუქ ლურჯ თვალებს გულისხმობდნენ ალბათ.

გაიზარდა დალი. მშობლიური კუთხის სიყვარული გულში სათუთად შეინახა და განათლების მისაღებად ქვეყნის დედაქალაქს მიაშურა. დიდხანს არ უფიქრია პროფესიის არჩევაზე, დედამ უთხრა, ყველაზე კარგი ქალისთვის მასწავლებლობააო. დედას ხომ არ აწყენინებდა? მისაღები გამოცდები ჩააბარა. მართალია, არ გაუმართლა და უფასოდ ვერ შეძლებდა სწავლას, უმაღლეს სასწავლებელში, მაგრამ დედამ დააიმედა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ შენ მასწავლებელი იყოო.

სწავლის დაწყებისას, დალი დედაქალაქში გადმობარგდა, გარეუბანში ნაქირავებ ბინაში; დედა კი - ორსართულიან ავტობუსში ავიდა, ცრემლიანი თვალებითა და მომცრო ჩემოდნით, ის ემიგრანტ დედად იქცა. დალის სამყაროს ცენტრი - ოდა, დაიკეტა.

დაიწყო. ახალი სამყარო, სიჭრელე, უამრავი ადამიანი, კარგისა და ცუდის გარჩევის შეუძლებლობა, თითქოს მღვრიე მორევი აზვირთდა და ცდილობდა მის ჩაყლაპვას. რა რთულია ამ დროს მეგობრის, მშვიდი ნავსაყუდელის პოვნა, როცა გარშემო ყველა უცხოა და არასოდეს იცი რა ზრახვები ამოძრავებთ მათ შენს მიმართ. ცალკე დედა, მისი მონატრება. ნაწილაკებად დაშლილი სამყარო.

მყუდროდ მოიწყო ნაქირავები ოთახი, მამის სურათით დაამშვენა. მაგიდა და ტუმბო წიგნებმა და რვეულებმა დაიკავა. ყოველ დილით, მაღვიძარა ერთსა და იმავე დროს ახმაურებდა მის ოთახს. ლექციაზე რომ არ დაგვიანებოდა, საათნახევრით ადრე გადიოდა „სახლიდან“, თუკი შესაძლებელი იყო ეს სიტყვა გვეწოდებინა ერთი ციცქნა ოთახისათვის, რომელიც ერთდროულად მისაღებიც იყო, საძინებელიც და სამზარეულოც.

საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობასთან შეგუება ძალიან უჭირდა, ძირითადად ფეხზე მდგომი მგზავრობდა.

თავდაპირველად, აუდიტორიაში განმარტოებით ჯდებოდა, ყურადღებით უსმენდა ლექციებს და მონდომებით ცდილობდა დედის იმედების გამართლებას. დედის, რომელსაც მძიმე ფიზიკური შრომა უწევდა შორეულ ქვეყანაში, დედის, რომელიც კვირაში ერთ დღეს გაჭირვებით ახერხებდა შვილთან ტელეფონით დაკავშირებას და მაშინაც იმას ეუბნებოდა, თუ რა თანხის გამოგზავნა შეძლო ამ ეტაპზე. დედის გამოგზავნილ თანხას,  დედისვე ნაჩუქარ, მოჩუქურთმებულ ხის ზარდახშაში აგროვებდა დალი.

ლექციების შემდეგ, დროს ძირითადად ბიბლიოთეკაში ატარებდა. საჭირო სახელმძღვანელოები ხომ არც ისე ხელმისაწვდომია სტუდენტებისათვის. საათობით, ზოგჯერ გვიანობამდე უწევდა დარჩენა უნივერსიტეტში, შემდეგ საზოგადოებრივი ტრანსპორტით დაუსრულებელი მგზავრობა; ნაქირავები ოთახი; მამის სურათი; დედის მონატრება და ზარდახშა -  ფულით. ზარდახშას რომ გახედავდა, განსხვავებული გრძნობები ეუფლებოდა - სიძულვილის, ამ  ზარდახშის შიგთავსის ბრალი იყო, რომ ასე ენატრებოდა ერთადერთი ახლობელი ადამიანი დედამიწაზე და სიხარულის, სწორედ ზარდახშის შიგთავსი უნდა გამხდარიყო მისი ბედნიერი და წარმატებული მომავლის საწინდარი.

-დღეს, ირინკას დაბადების დღეა - გამოაცხადა ხმამაღლა, ჯგუფში ყველაზე აქტიურმა სტუდენტმა, ქეთიმ - დაბადების დღე ჩვენ, ჯგუფელებმა გადავუხადოთ, გავახარებთ და გავერთობით კიდეც - განსხვავებულად დაიწყო ეს დღე. პირველი შემთხვევა იყო, როდესაც დალის საშუალება მიეცა ჯგუფელი გოგონები სხვა გარემოში ენახა. მის ჯგუფში მხოლოდ გოგონები სწავლობდნენ, მასწავლებლობა ბიჭების უმეტესობისათვის ხომ, სათაკილოა.

მთელი დღის განმავლობაში გოგონები ჯგუფ-ჯგუფად გროვდებოდნენ და განიხილავდნენ, ვინ ვისთან ერთად წავიდოდა დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე, რომელიც ქალაქის  პრესტიჟულ უბანში, ერთ-ერთ ნაქირავებ ვილაში გაიმართებოდა, ვინ რას ჩაიცვამდა, რომელი ბრენდის ფეხსაცმელი თუ ქლატჩი იყო მოდური. ვილის დაქირავებასა და საზეიმო გარემოს შექმნაზე უკვე ეზრუნა ქეთის, ახლა მხოლოდ ფული და შესაფერისად გამოწყობილი საზოგადოება იყო საჭირო ბრწყინვალე „ივენთის“ მოსაწყობად.

დაიბნა დალი. ძალიან უნდოდა მისთვის უცნობ სამყაროში ჩახედვა, მხოლოდ ტელევიზორში ან კომპიუტერში ჰქონდა ნანახი „ქალაქური“ წვეულებები, ლამაზი ვილის ეზოში, აუზის პირას გამართული, მოდურად ჩაცმული სტუმრებით. ახლა კი ეძლეოდა შანსი ასეთი წვეულების ნაწილი გამხდარიყო.  მაგრამ მან არ იცოდა, როგორი უნდა ყოფილიყო ასეთ წვეულებაზე, რა ჩაეცვა, როგორი ვარცხნილობა გაეკეთებინა; არ უნდოდა დაცინვის ობიექტი გამხდარიყო. ისედაც გრძნობდა გოგონების დამოკიდებულებას მისადმი, როგორ ცდილობდნენ ძალიან არ დაახლოვებოდნენ სოფლიდან ჩამოსულ ჯგუფელს, მისი არსებობა მხოლოდ პრეზენტაციების მოახლოებისას ახსენდებოდათ, დალის ხომ ყოველთვის დამუშავებული ქონდა საჭირო ლიტერატურა. ამიტომაც, გადაწყვიტა დედის გამოგზავნილი ფულით ახალი ტანსაცმელი შეეძინა, ფეხსაცმელიც, მაკიაჟიც გაეკეთებინა და ვარცხნილობაც თანამედროვე და მოდური შეერჩია. გადაწყვეტილება მიიღო  -  საღამოს წვეულებაზე, ახალი დალი დაბადებულიყო, ისეთი, ვისთან მეგობრობაც ყველას მოუნდებოდა.

წვეულებაზე ტაქსით მივიდა. უკვე დაწყებულიყო - მუსიკა, განათებები, მოდურად გამოწყობილი სტუმრები. შორიდან ეს ყველაფერი, ძალიან მიმზიდველი ჩანდა და მაცდურად უღიმოდა დალის - ახალი სამყაროს ღია კარი. შევიდა. მიხვდა, რომ ვერავინ იცნო, ჯგუფელი გოგონები ღიმილით უწევდნენ მინიატურული ქოლგით დამშვენებულ, მარტინის, თლილ ჭიქას. უცნობი ბიჭები თავხედურად აყოლებდნენ თვალს. მართლაც მშვენიერი სანახავი იყო მოკლე, ოქროსფერი თმით (მისი გრძელი თმა შეეწირა მოდურ ვარცხნილობას), თხელი, საშუალო სიმაღლის, ცნობილი ბრენდის ქუსლიან ფეხსაცმელში გამოწყობილი და ასევე ცნობილი ბრენდის, ტანზე იდეალურად დამდგარი, ფირუზისფერი კომბინეზონით, ხელში მბრწყინავი „კლატჩით“.

ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა. საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა, გაერთო, უმრავი ფოტო გადაიღო ახლად გაცნობილ გოგო - ბიჭებთან, ვისკისა და მარტინის გემო გასინჯა. ისე დამთავრდა წვეულება, ჯგუფელი გოგონები არც გახსენებია, უცნობების გარემოცვაში უფრო კომფორტულად იგრძნო თავი, მათ ხომ ასეთი დალი გაიცნეს! რამდენიმემ მისი ტელეფონის ნომერიც კი დაიტოვა, სამომავლოდ, ურთიერთობის გაგრძელებისათვის.

დასრულდა წვეულება, შინ დაბრუნების დრო დადგა. როგორ არ უნდოდა... ამ გადასახედიდან ძალიან პრიმიტიული ჩანდა მისი უბრალოებით მოცული სამყარო...

- დაჯექი, მიგიყვანთ - მოესმა. მიიხედა, გვერდით ამოდგომოდა ძვირადღირებული მანქანა, რომლის ფანჯრიდანაც ახლად გაცნობილი სანდრო უღიმოდა. არ უფიქრია, ჩაჯდა მანქანაში. - სად მიდიხარ? - ღიმილით საუბარი გააგრძელა ბიჭმა. - მე - დაიწყო გოგონამ, მაგრამ არ დაასრულა. თვალწინ წარმოუდგა ქალაქის გარეუბანში, თავისი უბადრუკი, ნაქირავები ოთახი, წარმოუდგა და შერცხვა.

-მადლობა, აქვე მივდივარ - უცხო ხმამ გასცა პასუხი ბიჭს. ეს ხმა აღარ ეკუთვნოდა დალის. ეს ხმა ეკუთვნოდა გოგოს, რომელმაც თქვა პირველი ტყუილი საკუთარი თავის შესახებ და ეს ტყუილი უნდა გამხდარიყო საფუძველი სხვა ტყუილების კასკადისა, რომელსაც მისი მომავალი ცხოვრება დაემყარებოდა. ცხოვრება მოგონილ, სხვების დასანახად შექმნილ სამყაროში, რომელიც იმდენად შემოიჭრებოდა გოგონას ცხოვრებაში, რომ ხანდახან თვითონაც დაიჯერებდა მის რეალურობას. მაგრამ ახლა, ამ წუთას, მან ეს არ იცოდა.

არ ეძინა იმ ღამეს. სადღაც, სულის კუნჭულში შემალულიყო დალი და თვალებგაფართოებული მისჩერებოდა, როგორ იკავებდა მის კუთვნილ ადგილს მედიდური მეორე მე, სახელიც შესაფერი შეერჩია - დაკო. ასე მიმართეს წვეულებაზე ახლად გაცნობილმა და უკვე მეგობრად მიჩნეულმა ახალგაზრდებმა.

მეორე დღეს დედის ზარი გაისმა ტელეფონზე, სხვა სამსახურიც ეშოვნა და ფაქტიურად დასვენების დროის გარეშე დარჩენილს, უფრო მეტი თანხის გამოგზავნა შეეძლო შვილისათვის. გაეხარდა დაკოს, ახლა შეეძლო ენახა ნამდვილი ცხოვრება. დასახა გეგმა. პირველი პუნქტი გეგმაში საცხოვრებლის შეცვლა იყო, შეასრულა კიდეც - ქალაქის ცენტრში უნივერსიტეტთან ახლოს, კომფორტული, იზოლირებული ბინა იქირავა. მეორე ეტაპი კი ლეგენდა იყო - ლეგენდა მის წარმომავლობასა და მშობლებზე. ის დაიბადა თბილისში, შემდეგ მამა გარდაეცვალა და ძალიან პატარა, დედასთან ერთად, საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა, იქ გაიზარდა. დედა, დღესაც ამერიკაში ცხოვრობს და საკუთარი სილამაზის სალონი აქვს, ნიუ-იორკში. მესამე ეტაპი კი ვიზუალური მხარე იყო, გადაყარა ტანსაცმელი, ყველაფერი, რაც კი წარსულ ცხოვრებასა და გაუბედავ დალის ახსენებდა. ახლა ის მხოლოდ მოდური ტანსაცმლითა და აქსესუარით მოიწონებს თავს. პროფესია? ესეც სათაკილოა! აბა რა თანამედროვე გოგოს შესაფერისია მასწავლებლობა? მაგრამ ვერ მოახერხა სხვა სპეციალობაზე გადასვლა, ამან გააღიზიანა.. რას იზამდა, გაუძლებდა კიდევ ორი წელი ამ ლექციებს. თუმცა, შეეძლო სამსახური მოეძებნა ისეთ სფეროში, რომელიც უკვე პრესტიჟულად მიაჩნდა. შესთავაზა კიდეც სანდრომ, მამის კომპანიაში ასისტენტის თანამდებობა.

ყველაფერი აეწყო ისე, რომ დაკომ შეძლო თავი დაემკვიდრებინა და შეექმნა ე. წ. სამეგობრო წრე. სამეგობროში, მთავარი განხილვის საგანი სეზონის აქტუალური ტრენდები, მათი შეძენისათვის გამართული მარათონი და თაყვანისმცემელთა რაოდენობა იყო. დროდადრო ურეკავდა დედა, ეკითხებოდა სამომავლო გეგმებზე, სთხოვდა შვილს, დაეგროვებინა მისი გამოგზავნილი თანხა, რათა ემიგრაციიდან დაბრუნების შემდეგ, ორივეს ცხოვრება უზრუნველყოფილი გამხდარიყო. შვილს, დედის დაბრუნების გაგონებაც არ უნდოდა, მისი მოთხოვნები ხომ იზრდებოდა და იზრდებოდა. მართვის მოწმობა აიღო, სასურველი ავტომობილის მოდელიც შერჩეული ჰქონდა უკვე.

დაამთავრა უნივერსიტეტი, მაგრამ პროფესიით მუშაობა დაკოს აზრადაც არ მოსვლია, თანაჯგუფელების საუბრებს, მასწავლებლის პროფესიაში შესვლის გზების ძიების შესახებ, ირონიული ღიმილით უსმენდა, მათთან გვერდით, აუდიტორიაში ყოფნაც ეთაკილებოდა და გული გამუდმებით უნივერსიტეტის ტერასისკენ მიუწევდა, სადაც მისი „სამეგობრო წრე“ იყრიდა ხოლმე თავს. ნიჭიერი გოგო იყო დაკო, ამას ყოველთვის აღნიშნავდნენ, ამიტომაც არ გასჭირვებია სამსახურში თავის გამოჩენა და კარიერულ კიბეზე აღმასვლაც. 24 წლის ასაკში, უკვე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტს იკავებდა.

ერთ დროს მხიარული, სიცოცხლესა და ბუნებაზე შეყვარებული დალი, რომელიც დედის ემიგრაციაში წასვლას ტკივილამდე განიცდიდა, მამის სურათს სათუთად ეფერებოდა და თვალწინ თავისი სოფელი და დაკეტილი ოდა ედგა, დღეს ერთ გულცივ, მოდურად გამოწყობილ, სნობ ლამაზმანად იქცა. მას რცხვენოდა თავისი ნამდვილი წარმომავლობის, მშრომელი დედის და მუდმივად იტყუებოდა. ხანდახან, შორიდან ცდილობდა დალი, ხმა მიეწვდინა საკუთარი მეორე მე-სთვის, ეთხოვა შეჩერებულიყო, თორემ, ადრე თუ გვიან, საკუთარი ტყუილების მსხვერპლი გახდებოდა. მაგრამ არა, დაკოს ცხოვრებაში დალის ადგილი აღარ დარჩენილიყო, მისი გზა უკვე არჩეული იყო და ის აუცილებლად დიდებამდე უნდა მისულიყო!

დილა მეგობარ ბიჭთან ერთად, პრესტიჟული სამსახური, საღამოს წვეულებები, ახალი ავტომობილით, დედაქალაქის ქუჩებში  მეგობრებთან ერთად სიარული, ძვირადღირებულ მაღაზიებში „შოპინგი“ - დაკოს საოცნებო ცხოვრების სტილი.

მეორე მხარეს კი დედა - 6 წლიანი ემიგრაციის შემდეგ ასაკთან შედარებით ათი წლით დაბერებული, გაჭაღარავებული (ვერ იმეტებდა ფულს თმის საღებავისათვის, დალის ვერ მოაკლებდა), უწყვეტი, 24 საათიანი ჯაფით ჯანმრთელობაშერყეული, შვილის ჩახუტებას მონატრებული, საკუთარი სახლის სუნზე მეოცნებე.

-ავტობუსი მოვა სადაცაა, სად არის მერი?- კითხვა დაუსვა, სხვა ქვეყნის, სხვა ქალაქის, სხვა ავტობუსის გაჩერებაზე,  ემიგრანტმა სხვა ემიგრანტს. - არ ვიცი, დავურეკე უკვე, მაგრამ ტელეფონი არ აიღო - იყო პასუხი. მოვიდა ავტობუსი, სხვა ემიგრანტებით სავსე, მიემატნენ ორნიც, მათ შორის არ იყო მერი - დალის დედა. სამსახურის დასრულების შემდეგ, თვითონაც დაღლილებმა, დააკაკუნეს ძველი სახლის სარდაფის ძველ კარზე, არავინ გააღო. ძალა არ იყო საჭირო, მიაწვნენ და გაიღო. მერი ძირს იწვა, მძიმედ სუნთქავდა. სხვა ქვეყნის სხვა სასწრაფომ წაიყვანა საავადმყოფოში მერი, გულშემატკივარიც არავინ ყავდა. ეშინოდა ყველას საემიგრაციო სამსახურის ბადეში მოხვედრის.

მერის მომჯობინებისთანავე ეწვივნენ, ბილეთით ხელში, ისე, რომ საკუთარი ნივთების აღებაც ვერ მოასწრო ნაქირავები სარდაფიდან, აეროპორტში, თვითმფრინავის ტრაპზე აღმოჩნდა.

საქართველო. რამდენი უოცნებია შინ დაბრუნებაზე. ოცნებობდა მომლოდინე შვილის, დედის დანახვით გაბრწყინებული თვალების დანახვაზე. რეალობა კი გაცილებით სასტიკი აღმოჩნდა - დაბრუნდა ავად მყოფი, ახლა თვითონ საჭიროებდა დახმარებასა და მოვლას. ქუთაისის აეროპორტის დარბაზიდან შეძლო შვილთან დარეკვა.

- კარგი ამინდია, სად გავიდეთ საღამოს? - დაკო და სანდრო „მესენჯერით“ გეგმავდნენ საღამოს. ზარი ტელეფონზე უცხო ნომრიდან.

- გისმენთ!

-დედა, დალიკო, ჩამოვედი დე! - დედის ხმა ტელეფონიდან.

სიჩუმე, მომაკვდინებლად მტკივნეული სიჩუმე...

-რატომ დაბრუნდი? - შვილის პასუხი - ჯერ ხომ ჩემი გეგმები მქონდა, ფული მჭირდებოდა..

-ავად ვარ დე, ვეღარ ვმოძრაობ... არ გაგეხარდა ჩემი დაბრუნება ?

-რა მნიშვნელობა აქვს გამეხარდა თუ არა, სად ხარ ?

-ქუთაისის აეროპორტში ვარ, დე, მოხვალ?

-კარგი ჩამოვალ, მაგრამ აქ ვერ წამოგიყვან.

-კარგი დე...

გზა თბილისიდან ქუთაისის აეროპორტამდე, დედის გამოგზავნილი ფულით შეძენილი ახალი ავტომობილით მალე გაილია. ორი ადამიანი ებრძოდა ერთმანეთს - დალი და დაკო. დალის, დედის დაბრუნებამ თითქოს ძალა შეჰმატა, ხმა აიმაღლა, ძველი სურათები გაუცოცხლა დაკოს და წინ გამოუფინა - დედა, ბავშვობა, მამის საფლავი, საყვარელი ოდა-სახლი. დაკო თვალებს ხუჭავდა, ყურებზე ხელებს იფარებდა, არ სურდა დალისთვის მოესმინა, წარსულის სურათები დაენახა. არ უნდოდა წარმოდგენა იმის, რომ ყველაფერი გაირკვეოდა, მის მიერ ტყულებით შექმნილი სამყარო დაინგრეოდა; მან ხომ ლამის დაიჯერა, რომ ის რეალური იყო. არა, მის გვერდით, ბრწყინვალე სამყაროში ,ავადმყოფი დედის ადგილი არ იყო! გადაწყვიტა... მაგრამ ვერაფერი გადაწყვიტა, დალი მოძლიერებულიყო და ერთი სული ქონდა დედას ჩახუტებოდა!

აეროპორტი. დედის მომლოდინე თვალები, დაპატარავებულ-დაჩაჩანაკებული სხეული, ჭაღარა თმა, დანაოჭებული ხელები, გამოწვდილი ძლივს ნაცნობი, უკვე უცნობი შვილისაკენ.

-დედა, როგორ შეცვლილხარ, როგორ გალამაზებულხარ, - სიხარულის ნამცეცები მოკრიბა მერიმ თავის სულში და შვილს გადაეხვია.

-მე შევიცვალე, გავიზარდე, ცხოვრება ვისწავლე, ჩემი სამყარო შევქმენი. -ყელში ბურთი ეჩხირებოდა დაკოს. ეს ბურთი დალი იყო - დედა, დედიკო, დეე, რა კარგია რომ გხედავ და შენი ჩახუტება შემიძლია - უხმოდ გაჰკიოდა ის.

-სოფელში წაგიყვან - უცხო ხმით თქვა დაკომ. თავი დაღუნა და გამოტრიალდა. არ შეეძლო დედის კითხვის ნიშნით სავსე თვალებში ჩახედვა. ახლა, მას ის უფრო ადარდებდა, ვინმეს მისი გარემოცვიდან, თბილისში, სიმართლე არ გაეგო და არ შერცხვენილიყო „წრეში“, ვიდრე დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

უხმოდ იარეს სოფლამდე. დედის გული ცუდს გრძნობდა, მაგრამ რას და რატომ, ვერ მიმხვდარიყო. შვილის მხრიდან მომავალი სიცივე გვერდს უყინავდა, თავი ფანჯრისკენ ჰქონდა მიტრიალებული და თვალებით ეფერებოდა მონატრებულ საქართველოს მთა-გორებს; დალისკენ მიხედვას კი რატომღაც ვერ ბედავდა.

სოფელი, ეზო, ოდა-სახლი - გაცოცხლდა ბავშვობის სურათები, გოროზი მთა შორიახლოს, მშობლიური მდინარის მოძახილი და ისევ სუფთა, კამკამა ლურჯი ცა. ავტომობილი საგულდაგულოდ გადარაზულ ხის ჭიშკართან გაჩერდა. ჭიშკარი კი დაკეტილი იყო, მაგრამ სამაგიეროდ ღობე რამდენიმე ადგილას მორღვეულიყო და გადაწოლილიყო, ოდესღაც მოვლილი, ყვავილებით მოქარგული ეზო მაღალ ბალახს დაეფარა. უკვე წლები გასულიყო რაც აქ ბოლოს იყო დაკო. მერი გადმოვიდა, ჩანთა გახსნა და წლების განმავლობაში გულთან ახლოს ნატარები თავისი სახლის გასაღები ამოიღო, თან ცრემლები ახრჩობდა თან ცდილობდა უკვე ჩაჟანგებული ბოქლომის გახსნას, მაგრამ ამაოდ. 

-დაუჩქარე, მე წასასვლელი ვარ, ხვალ ვერ გავაცდენ სამსახურს, არ მინდა გზაში დამაღამდეს,- პრეტენზიული ტონი გაისმა დაკოს ხმაში.

შეამჩნიეს დაკეტილი სახლის წინ შეჩერებული ავტომობილი მეზობლებმა. აქ კარგად ახსოვდათ ეს პატარა ოჯახი, ხშირად იხსენებდნენ კიდეც. ჯერ ერთი მოვიდა, შემდეგ ორი ერთად და ნელ-ნელა, მთელმა უბანმა დაკეტილი ჭიშკრის წინ მოიყარა თავი. სიხარულის ცრემლებს ძლივს იკავებდა მერი, გულში იხუტებდნენ მეზობლები, დაკო კი მანქანაში ჩაჯდა, არ სურდა მათ შორის გარეულიყო, ვერც მათ იცნეს.

გააღეს. შევიდნენ. უცებ გაჩნდა ცელი და გაითიბა გზა ეზოს ბილიკზე, გამოჩნდა სახლისაკენ მიმავალი გზა. მერიმ ერთი მოიხედა შვილისაკენ, მაგრამ მიხვდა, რომ ის არ აპირებდა მასთან ერთან ოდაში შესვლას. რა იცოდა დედამ, რომ ზუსტად ამ წუთებში შვილის ორი მე სასტიკად ებრძოდა ერთმანეთს: დალის ერთი სული ქონდა გადამხტარიყო მანქანიდან და ფეხშიშველს გაერბინა ეზო ჭიშკრიდან სახლამდე, მისულიყო და ჩახუტებოდა დედას, სათითაოდ დაეკოცნა მუდმივი ჯაფისაგან დაბერებული მეზობლები. დაკოს კი - თავი საჭეზე დაედო და აქედან გაქცევა სურდა, რაც შეიძლება მალე, დაექოქა მანქანა და წასულიყო უკანმოუხედავად.

გაიმარჯვა დაკომ. მალე თბილისში შევა მისი ავტომობილი. დალის მიეძინა მის სულში, ბრძოლისგან დაღლილს.

გათენდა დღე, ერთი, მეორე, ჩვეულებრივადაა ყველაფერი, როგორც ყოველთვის, დალი ნელ-ნელა ქრებოდა, დაკო ზეიმობდა გამარჯვებას.

ზარი ტელეფონზე, უცხო ნომერი.

 -გისმენთ- პასუხი.

-მერიმ მთხოვა ამ ნომერზე დამერეკა თუ რამე მოხდებოდა, მე მისი მეზობელი ვარ სოფელში, გუშინ საღამოს მოულოდნელად გახდა ცუდად და სასწრაფომ გადაიყვანა ქალაქის საავადმყოფოში, მაგრამ ჯერ-ჯერობით გონზე არ მოსულა. თქვენ ალბათ მისი ახლობელი ხართ, მინდოდა რომ ეს გცოდნოდათ. - უთხრეს და გაითიშა ტელეფონი.

დედას არ უთქვამს, რომ ეს ნომერი მის ერთადერთ შვილს, დალის ეკუთვნოდა და ახლა ის სიცოცხლისთვის იბრძოდა. გონებაში წარმოქმნილმა ამ ფრაზამ დალის მისცა საშუალება დაკოსთვის ისეთი მწარე სილა გაერტყა, რომ სკამიდან წამოეგდო; ელვის სისწრაფით ავტომობილში ჩაესვა და მაქსიმალური სიჩქარით დედისაკენ გაექანებინა. დაკო დაიშალა, დაირღვა, ნაწილაკებად იქცა და გაქრა. დალი თავის თავს დაუბრუნდა და ერთადერთი რაც თვალწინ ედგა დედის ცრემლჩამდგარი თვალები იყო, მათი ეზოდან მომზირალი. ახლა მან ზუსტად იცოდა სად იყო მისი ადგილი და როგორ უნდა გაეგრძელებინა ცხოვრება.

პატარა ქალაქის პატარა საავადმყოფო, მოძველებული ინვენტარი, პერსონალის მოღუშული სახეები, კითხვებზე ძუნწი პასუხები. დედა იწვა, თვალები დახუჭული ქონდა. რაც საქართველოში ჩამოვიდა მის შემდეგ კიდევ უფრო დაპატარავებული ეჩვენა დედა.

-დედა, მე მოვედი!- ამოიძახა დალიმ გულიდან.

 იგრძნო დედამ, მიხვდა დაბრუნებულიყო მისი შვილი.

-არ იდარდო დედა, მე კარგად ვარ და უფრო კარგად ვიქნები, რადგან შენ ჩემს გვერდით ხარ, გენაცვალოს დედა! - დედის გულმა ხომ არ იცის წყენის დამახსოვრება, ის ყოველთვის მოძებნის მიზეზს და გაამართლებს შვილის საქციელს.

-ქალბატონ მერის დასვენება სჭირდება და მუდმივი ყურადღება, არ შეიძლება მისი ფეხზე დგომა, გადაღლა და ნერვიულობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ინსულტის რისკი განმეორდება, - ეს ექიმის ხმა იყო.

-დიახ ექიმო, მე მისი შვილი ვარ, ყველაფერს ისე გავაკეთებ, რომ დედა მალე ფეხზე წამოდგეს.- პირობა დადო დალიმ.

წამოვიდნენ. დალი გაოცდა ეზოს დანახვაზე. დედას ამ მოკლე ხანში ისევ გაეკოპწიავებინა ეზო, ოდაც მომხიბვლელად გამოიყურებოდა და ჭიშკართანაც მხიარული ყეფით შეეგებათ პატარა ლეკვი. დალის სამყარო გაცოცხლებულიყო და ახალი ფერები შეეძინა.

დედას ოთახი მოუწყო შვილმა, თვითონ გვერდით ოთახში დაიდო ბინა. რეკავდნენ მის ტელეფონზე, წერდნენ, მაგრამ პასუხი არ გაუცია, ისინი ხომ დაკოს მეგობრები იყვნენ, მათ დალისთან არაფერი ქონდათ საერთო.

თვეები გავიდა. მიხვდა რა ყოფილა ნამდვილი ცხოვრება, თავისუფლად ჰაერის სუნთქვა, მუდმივი შიშისა და დაძაბულობის გარეშე.

საღამოს, როგორც ყოველთვის, დედასთან ერთად მიირთმევდა ჩაის. დედამ ლაპარაკი წამოიწყო:

- აქ სახლში როდემდე უნდა იყო გამოკეტილი მხოლოდ ჩემს მომვლელად? შენს მომავალს რას უპირებ?

დალის პასუხი არ ქონდა, მაგრამ ის კი იცოდა, რომ ახლა, აქედან წასვლას, ვერანაირი მომავალზე ზრუნვა ვერ აიძულებდა. ისევ დედამ გააგრძელა:

-შენ ხომ გაქვს პროფესია, რომელიც შეგიძლია გამოიყენო, თუნდაც აქ ჩვენს სოფელში. რამდენიმე დღის წინ ჩვენი სკოლის მასწავლებელი იყო, ცოტა ვისაუბრეთ. წუხდა, სკოლაში მხოლოდ მოხუცებიღა ვმუშაობთ, ახალგაზრდობას აღარ უნდაო მასწავლებლობა. იქნებ დაფიქრდე დედიკო, რა კარგი იქნებოდა, რომ გეცადა, თან აქ იქნები ჩემს გვერდით, თან სამსახურიც გექნება და პროფესიულადაც განვითარდები.

იმ საღამოს დალის არ გაუცია დედისთვის პასუხი. ღამით, საწოლში წამოუტივტივდა გონებაში დედის ნათქვამი და დაფიქრდა : მასწავლებელი? გაახსნდა სტუდენტობის პერიოდი, ის ხომ ერთ-ერთ ნიჭიერ და პერსპექტიულ სტუდენტად ითვლებოდა კურსზე? მაგრამ მან არ ისურვა მასწავლებლობა, არაპრესტიჟულ სპეციალობად მიიჩნია, ახლა კი  დაფიქრდა. რატომაა მასწავლებლობა არაპრესტიჟული? იყო მასწავლებელი ეს ხომ მშვენიერია, შეხება გქონდეს ბავშვებთან, მომავალ თაობასთან. მასწავლებელი ხომ გზამკვლევია, ადამიანისათვის, ცხოვრების გზის სწორი მიმართულების მიმცემი. რომ არა მასწავლებელი, ვინ მისცემდა სკოლაში განათლებას სხვადასხვა „პრესტიჟულ“ თანამდებობაზე მომუშავეთ? მათ შვილებს? მაშ რატომ მიაჩნიათ ასე? იქნებ ანაზღაურების გამო? არა, ანაზღაურება დალისთვის მეორეხარისხოვანია ამჯერად. მაშინ, რა უშლის ხელს, რომ სცადოს? ხვალვე მივა სკოლის დირექტორთან და გაესაუბრება. იქნებ ვერ შეძლოს ბავშვებთან ურთიერთობა? იქნებ ვერ შეძლოს მათთვის სწავლება? მაგრამ ამას ვერ გაიგებს თუ არ ცდის. მაშ ასე, გადაწყვიტა, რომ მეორე დღეს სკოლაში მისულიყო.

უკვე მოვარდისფრო მოიისფრო განთიადი დგებოდა დალის რომ ჩაეძინა, საკუთარ თავთან დიალოგით დაღლილს.

12 საათისთვის მივიდა დალი თავის მშობლიურ სკოლაში. აქ არ ყოფილა მას შემდეგ, რაც „ბოლო ზარი“ დაირეკა. თვალწინ, კადრებად გაურბინა მოსწავლეობამ, კლასელებთან მხიარულად გატარებულმა წლებმა. სწავლა უკვე დასრულებულიყო და ახლა სკოლაში მხოლოდ მასწავლებლებიღა დადიოდნენ, ისიც კანტიკუნტად. სამასწავლებლოში შეიხედა, მოიკითხა თავისი პედაგოგები, მათაც კარგად ახსოვდათ ნიჭიერი დალიკო.

დირექტორთან საუბარი ხანმოკლე გამოდგა, ერთ-ერთ პედაგოგს წასვლა სურდა თურმე, მოვხუცდიო ამბობდა, მაგრამ დირექტორი არ უშვებდა სკოლიდან, არ ყავდა შემცვლელი და აი, გამოჩნდა დალიც. საჭირო დოკუმენტების მოგროვებისა  და წარდგენის შემდეგ, ის დაინიშნებოდა მე-4 კლასის მასწავლებლად. კლასში სულ 8 მოსწავლე ირიცხებოდა, მათი სიაც გადასცა დირექტორმა და პირადი საქმეც გააცნო.

დედა ნელ-ნელა მომჯობინდა, ახლა უკვე წამოდგომა და ოთახში გადაადგილებაც შეეძლო. ასე, რომ ნახევარი დღით მისი დატოვება შეიძლებოდა.

შემოდგომა. წითელ-ყვითელ-ოქროსფერი შეეპარა ნელ-ნელა გარემოს. წვიმებმაც იმატა და ღამ-ღამობითაც გვარიანად აგრილდა. მოსავალი თავს იწონებდა და დასაბინავებლად ეპატიჟებოდა პატრონს.

და აი, გათენდა დილა, რომელსაც ძირფესვიანად უნდა შეეცვალა მისი ცხოვრება, უნდა დაებადებინა მისთვის ახალი ცხოვრებისეული მიზნები და ეშვა ოცნებები. დალი უნდა ყოფილიყო დალი მასწავლებელი, მყარად მდგომი მიწაზე და ცხოვრების სწორი გეზისა და მიმართულების მიმცემი, თავისი პატარა მოსწავლეებისა.

იმ დღეს სხვანაირად მოესმა მშობლიური ზარის ხმა დალის. ყურებში გუგუნსა და გულში სასიამოვნო ჩხვლეტას გრძნობდა. საკლასო ოთახი, სადაც უნდა შეხვედროდა  მოსწავლეებს, წინასწარ გაალამაზა, ყვავილებით მორთო. არც მოსწავლეები და მათთვის მცირედი საჩუქრები დავიწყებია. პირველი დღე და პირველი შთაბეჭდილებები ხომ ყველაზე მნიშვნელოვანია, ხშირად მთელი ცხოვრების მანძილზე გამყოლი.

მოვიდნენ. მშობლებმა ეჭვიანი მზერით შეათვალიერეს ახალგაზრდა, უცნობი მასწავლებელი; მოსწავლეები მორცხვობდნენ და დედებს უკან იმალებოდნენ. დალი სათითაოდ მივიდა თითოეულ მათგანთან, წარუდგინა თავი, ხელი მოკიდა და საკლასო ოთახის ცენტრში დააყენა, წრე შეკრა მოსწავლეებისაგან და თვითონაც მათთან ერთად ჩადგა. მშობლებმა საკლასო ოთახში, მერხებთან დაიკავეს ადგილები.

თამაშით გაიცნო თითოეული მოსწავლე და მათი მშობლები. უკვე აღარ მორცხვობდნენ, 6 ბიჭი იყო და მხოლოდ 2 გოგონა. პირველი დღე მხოლოდ თამაშებს დაუთმეს , თანაც ისეთებს, მოსწავლეთა გაცნობა და მათთან დაახლოება-დამეგობრება რომ შეძლებოდა. მოსწავლეების სახლში წასვლის შემდეგ იგრძნო დაღლილობა, მაგრამ როგორი სასიამოვნო იყო ეს დაღლილობა; მეორე დღისთვის ინტერესითა და იდეებით ავსებდა.

საინტერესო აღმოჩნდა მასწავლებლობა, ყოველდღე ახალ-ახალი ემოციებით აღვსილი ბრუნდებოდა სახლში და დედას აღფრთოვანებული უყვებოდა თუ მისმა თითოეულმა მოსწავლემ, იმ დღეს ახალი რა ისწავლა, რა სირთულე გადალახა. კოლეგები თავიდან არ ცდილობდნენ დაალოებოდნენ ახალგაზრდა მასწავლებელს, მაგრამ მცირე ხანში შეძლო მათი კეთილგანწყობის მოპოვება. ეხმარებოდა ყველას, ხშირად სახლში წასული უკანაც მობრუნებულა კოლეგის დასახმარებლად, მათ ხომ არც ისე კარგად შეეძლოთ თანამედროვე ტექნოლოგიებთან ურთიერთობა.

სასწავლო წლის პირველი ნახევარი დასასრულს უახლოვდებოდა, მოსწავლეები საახალწლო სპექტაკლზე დასასწრებად წაიყვანა მშობლებთან ერთად, თავიანთ პატარა ქალაქში.

კატოს დაბადებას მთელი ოჯახი მოუთმენლად ელოდა. დიდი ხნის, ნანატრი შვილი იყო მშობლებისათვის, რომელიც 15 წლიანი თანცხოვრების შემდეგ შეეძინათ. კატოს დაბადებამ შეცვალა წყნარი ოჯახის მშვიდი ცხოვრება, ყოველ ახალ დღეს, ახალი სიხარული მოსდევდა. გავიდა თვეები, კატოს ფეხზე დადგომა და შემდეგ უკვე გავლაც, გაუჭირდა. ექიმთან მიიყვანეს, -  არაფერია დრო სჭირდება და გაივლის, მოიცადეთ სად გეჩქარებათო - ნახევრად ხუმრობით უპასუხა ექიმმა და გამოუშვა უკან შეშფოთებული მშობლები. სამწუხაროდ, დაავადებამ არ მოიცადა და წლინახევრის კატომ ისევ ვერ შეძლო ფეხზე დამოუკიდებლად, გამართულად დგომა, თბილისს მიაშურეს. დიაგნოზი - ბავშვთა ცერებრალური დამბლა. იმისათვის, რომ კატოს დამოუკიდებლად გადაადგილება შეძლებოდა, მუდმივი მკურნალობა, ვარჯიშები და თერაპია სჭირდებოდა. ამ პროცედურების ჩატარება მხოლოდ დედაქალაქში იყო შესაძლებელი, თანაც იყო საკმაოდ ძვირი.

წლები გავიდა. კატო გაიზარდა. მშობლები ცდილობდნენ ემკურნალათ შვილისათვის, მაგრამ უკვე ასაკში შესულებს, არც ფიზიკური და აღარც ფინანსური საშუალება აღარ გააჩნდათ. კატოს გადაადგილება მხოლოდ ეტლით შეეძლო. სკოლაში ხანდახან მიყავდათ მშობლებს. მეოთხე კლასში იყო გოგონა. იწყებდა უკვე სამყაროს შეცნობას, გრძნობდა დადებით და უარყოფით დამოკიდებულებას გარშემომყოფთაგან. სამწუხაროდ, უარყოფითი დამოკიდებულება გაცილებით მეტი იყო მის ირგვლივ, ზოგს ეცოდებოდა და სინანულით გადააქნევდნენ ხოლმე თავს მის დანახვაზე. მხოლოდ კლასელების თბილი მზერა აძლევდა ძალას, გაევლო გზა სახლიდან სკოლამდე. უყვარდათ კლასელებს კატო. მისი დანახვისას, მხიარული ყიჟინით შემოეხვეოდნენ ეტლს და ერთმანეთს ასწრებდნენ ახალი ამბების მოყოლასა და მოკითხვას.

დეკემბრის მიწურულს მასწავლებელმა საახალწლო სპექტაკლზე წაიყვანა მოსწავლეები, მათ შორის კატოც.

სპექტაკლის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებსა და მშობლებს ამოწმებდა დალი მასწავლებელი, ვინმე ხომ არ დარჩა ტრანსპორტში ამოუსვლელი. ის-ის იყო თვითონაც უნდა ასულიყო მიკროავტობუსში, რომ რაღაც არაამქვეყნიური ხმა გაიგონა - ეს არ იყო ღრიალი, ტირილი, კივილი ან რაიმე მსგავსი, უფრო ღრმად ამოკვნესას გავდა, უკანასკნელად რომ შეიძლება ამოიკვნესოს ადამიანმა, ისეთს. დანარჩენი მხოლოდ კადრებად აღიდგინა დალიმ, ოთხი დღის შემდეგ, საავადმყოფოში გონს მოსულმა.

რეანიმაციაში გაეღვიძა, უამრავი აპარატის გარემოცვაში. დაბნეული აქეთ-იქით იყურებოდა, როდესაც თეთრ ხალათიან-ჩაჩიან-პირბადიანი ადამიანი შემოვიდა, გაღვიძებული რომ დაინახა, საჩქაროდ უკან გავიდა. მალე რამდენიმე მსგავსად ჩაცმული ადამიანი შემოვიდა. ერთმანეთში ლაპარაკობდნენ, მონიტორებს უყურებდნენ და რაღაც უხაროდათ. მალე ჩაეძინა ისევ.

მზის სხივმა გააღვიძა, სანამ თვალს გაახელდა, ეგონა თავის საძინებელ ოთახში, საკუთარ  საწოლში იწვა. თვალი გაახილა და მიხვდა, უფრო სწორად, დედის თვალებში ჩამდგარმა უკიდეგანო ტკივილმა უსიტყვოდ უთხრა, რომ რაღაც დიდი უბედურება გადაიტანა ან ბოლომდე ვერც გადაიტანა; რაღაც საშინელების გაგების მოლოდინში თვალები ისევ დახუჭა.

-დედა რა მოხდა? რა დამემართა? - ჩაიჩურჩულა, სიტყვის თქმის ძალა აღარ შერჩენოდა.

-მთავარია, რომ დამიბრუნდი დეე, სხვას არაფერს აქვს მნიშვნელობა. - გაღიმება სცადა მერიმ.

აღარაფერი კითხა დედას. მომხდარი გონებამ თვითონ აღადგინა გაშეშებულ სცენებად, თითქოს მემონტაჟე ცდილობდა მძაფრსიუჟეტიანი ფილმის სხვადასხვა კადრების აკინძვასა და ამოძრავებას. საოცარი ორგანოა ადამიანის ტვინი, თითქოს ცდილობს დაიცვას „პატრონი“ უარყოფითისაგან და ამისათვის იყენებს „დავიწყებას“, შლის მეხსიერებიდან გარკვეულ „კადრებს“. დალისაც ასე დაემართა, საკუთარი გონება უფრთხილდებოდა და ნელ-ნელა აწვდიდა მომხდარს, პატარ-პატარა მონაკვეთებად : მოყინულ ასფალტზე, ზებრა გადასასვლელზე გადამსვლელი, ეტლიანი პატარა გოგონა; დიდი სიჩქარით მომავალი მსუბუქი ავტომობილი; ზებრასთან მუხრუჭების ღრჭიალი; საბურავების მოცურების ხმა; თვითონ, ეტლიან გოგონასთან - როდის ან როგორ აღმოჩნდა ეს ვერ დაიმახსოვრა მისმა გონებამ; ეტლის ცივი ბორბლები მის ხელში და ტროტუართან მდგომი ქალის არაბუნებრივად გაფართოებული თვალები და გაღებული პირი. მიხვდა - ავარია, აი რატომაა საავადმყოფოში, რატომ აქვს თავი შეხვეული და რატომ ვერ ამოძრავებს ხელ-ფეხს.

რამდენიმე დღეში უკეთ გახდა დალი. სახლში წასვლაზე დაიწყო ლაპარაკი. საავადმყოფოში ყოფნის მეშვიდე დღეს პალატაკის კარი ფართოდ, ბოლომდე  გაიღო. ხელში აყვანილი შემოიყვანა მამამ გოგონა. თავიდან ვერ იცნო, მერე მიხვდა,- ესაა ის, გოგონა ეტლში, მის მიერ გადარჩენილი სიცოცხლე. კატოს ეტლი ავარიის დროს ნაწილებად დაიშალა და ახლა მას გადაადგილების ერთადერთ საშუალებად მამის ხელებიღა დარჩენოდა. მაგრამ გოგონას თვალებში სიხარულის სხივი კრთოდა, თანაც ისეთი ძლიერი, რომ დალისაც მისწვდა და ერთიანად სითბო შეიტანა მის სხეულში, თითქოს მზე  ჩამოსულაო დედამიწაზე მხოლოდ მისთვის.

-მე კატო მქვია - თქვა გოგონამ მშვიდი ხმით.- თქვენ მე გადამარჩინეთ.

მხოლოდ ამ სიტყვების მოსმენისთვის ღირდა ალბათ, ჩემი სიცოცხლე -  გაიფიქრა დალიმ და თბილად გაუღიმა გოგონას.

სახლი -  რა ბედნიერებაა საკუთარ საწოლში დაძინება და გაღვიძება. თურმე ადამიანი ვერ აფასებს ცხოვრებისეულ წვრილმანებს, სანამ მათი დაკარგვის საფრთხის წინაშე არ აღმოჩნდება. მოშუშდა ჭრილობები, გავიდა ახალი წლის დღეებიც. დალის საახალწლო განწყობაზე უწყვეტად ზრუნავდნენ კოლეგები, მეზობლები, მოსწავლეები. ისიც მთელი ძალით გრძნობდა ნამდვილი ადამიანური ურთიერთობების ძალას და უხაროდა, უხაროდა, რომ არ მისცა დაკოს უფლება მასში გაექრო დალი.

მარტში მივიდა სკოლაში - საზეიმოდ მორთული დაახვედრეს მოსწავლეებმა და მშობლებმა საკლასო ოთახი, კოლეგები თბილად იხუტებდნენ ახალგაზრდა მასწავლებელს. ის მათთვის უკვე გმირი იყო, დალიმ საკუთარი სიცოცხლე გაწირა უცნობი, პატარა გოგონასათვის. ჩვენს შორის შეუმჩნევლად დადიან გმირები და მათ მხოლოდ დრო გამოავლენთ? თუ ყველა ადამიანს შეუძლია გახდეს გმირი, გარემოებას შეუძლია ნებისმიერი ადამიანი გმირად აქციოს? - ალბათ უფრო მეორე, საკუთარ თავს გაუღიმა დალიმ სარკეში.

-ახალი მოსწავლე გადმოდის შენს კლასში - დილით ახალი ამბავი აცნობა დალი მასწავლებელს სკოლის სასწავლო ნაწილის გამგემ. გაეხარდა, კარგია, მის მხიარულ კლასს კიდევ ერთი შეემატება.

-გოგონაა თუ ბიჭი? - ეს იკითხა მხოლოდ.

-გოგონაა, მზესავით ლამაზი - იყო პასუხი.

დაიწყო გაკვეთილი. კარი გაიღო, „მზისფერი“ გოგონა ფრთხილი, ნელი ნაბიჯით შევიდა საკლასო ოთახში. იცნო დალიმ, როგორ არ იცნო, მაგრამ ის საკუთარი ფეხით მოდიოდა და დედ-მამა  უკან მოყვებოდა.

კატო დალი მასწავლებლის მოსწავლე გახდა.

ყოველ დღე ხვდებოდა დალი, როგორი სასწაულია იყო მასწავლებელი, გაკვეთილის დაწყებისას გრძნობდე მოსწავლეთა ინტერესითა და ცნობისმოყვარეობით სავსე მზერას, უყურებდე როგორ აღმოჩენებს აკეთებენ ისინი გაკვეთილის მიმდინარეობისას და უსმენდე გაკვეთილის ბოლოს მათ უკმაყოფილო ბუზღუნს გაკვეთილის დამთავრების გამო. მასწავლებელი ხომ არ გადასცემს მოსწავლეებს მხოლოდ ცოდნას, არამედ ის მათ ასწავლის როგორ გახდნენ უკეთესები, როგორ შეიმეცნონ და შეცვალონ სამყარო უკეთესობისაკენ; მასწავლებელი ასწავლის მათ, რომ თითეულ მათგანს განვითარების საკუთარი გზა აქვს გასავლელი და არასოდეს მიბაძოს სხვას. ისწავლოს, იაზროვნოს, დასვას კითხვები და მოითხოვოს პასუხები; მიღებული პასუხები მას გაზრდის და ჩამოაყალიბებს ნამდვილ ადამიანად, რადგან ცოდნა არის განძი, რომელსაც ვერავინ ვერასოდეს წაართმევს.

სასწავლო წელი მიწურულს მიუახლოვდა. დალიმ მოიფიქრა სახალისო თამაში: „მე გაფასებ შენ“. პატარა ფურცლებზე დაწერა მოსწავლეების სახელები და გვარები და კალათით ჩამოატარა კლასში. ვისაც ვისი სახელი შეხვდებოდა, ის უნდა შეეფასებინა რამდენიმე დადებითი წინადადებით, რა მოსწონდა მასში და რატომ უყვარდა იგი. თამაში მიზნად ისახავდა მოსწავლეებს ერთმანეთის დადებითი მხარეების აღმოჩენასა ხაზგასმას. მოსწავლეების გვარ-სახელებს შორის დალის სახელიც იყო. ერთი გაკვეთილი დაუთმეს დავლების შესრულებას  ბავშვებმა.

დადგა  ერთმანეთის შეფასებების წაკითხვის დრო. დიდი მხიარულება გამოიწვია ერთმანეთის საქებარი სიტყვებით შემკობამ; დალი მასწავლებელმა ხომ უხვად ასწავლა მათ, მდიდარი ქართული ლექსიკიდან, ასეთი სიტყვები. კატოს ჯერი მოვიდა.

-თქვენ მე შეგაფასეთ, მასწავლებელო!- მორცხვად თქვა მან და ფურცელი მიაწოდა დალის, ლოყებაწითლებულმა.

დალიმ ღიმილით გაშალა ფურცელი და ...

-თქვენ შეუფასებელი ხართ! - ამოიკითხა.

P. S. ამ ემოციის გადმოცემა სიტყვით შეუძლებელია, ეს უნდა განიცადო.



25. 07. 2019 წელი

სცენარი მე-3 კლასის გამოშვებისთვის.

  გაიცანი, ეს შენი საქართველოა!   წამყვანი 1 მოგესალმებით, ჩვენ, მესამე ბ კლასის მოსწავლეები, ვამთავრებთ მესამე კლასს და გვინდა გაგვიც...